გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

«The Daily Telegraph» (დიდი ბრიტანეთი): გახდება თუ არა სვანეთი საქართველოს ახალი აპულია?

29-08-2018

„ქონგურებიანი კოშკები გიგანტური სურიკატებივით დგანან და პატარა მესტიას თითქმის ათასი წელია დარაჯობენ. ამგვარ კოშკები მხოლოდ სვანეთშია, იზოლირებულ კავკასიის მაღალმთიან ხეობაში, რომელიც ოდითგანვე ქართული ტრადიციებისა აკვანი და თავშესაფარი იყო. სვანთა ქალაქ მესტიაში 2000-მდე ადამიანი ცხოვრობს და რეგიონის მინიატურულ დედაქალაქად ითვლება. სვანეთს ქართველის ცნობიერებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია თავისი მკაცრი ბუნებით, რთული ლანდშაფტით და იქ მცხოვრები ხალხის - სვანების მტკიცე სულით. მრავალი წლის განმავლობაში ბევრი დამპყრობელი (სპარსი, თურქი, მონღოლი, რუსი...) ლამობდა სვანეთის ხელში ჩაგდებას, მაგრამ ამაოდ. სვანეთი საქართველოს მაღალ მთებში შეყუჟული მხარეა, სვანები კი ისეთი ხალხი, რომლებიც თავიანთ მშობლიურ, ქართულისაგან განსხვავებულ ენაზე ლაპარაკობენ. სვანებს მდიდარი ტრადიციები აქვთ. სვანები უყვართ, აქებ-ადიდებენ, სვანებით აღტაცებულნი არიან, ზოგჯერ კი ხუმრობენ კიდეც-ასეთი შესავალით იწყება ვრცელი სტატია საქართველოში - სვანეთში მოგზაურობის თაობაზე (ავტორი - ჯულიეტა რიქსი), რომელშიც სვანეთის მომავალი იტალიის აპულიის მხარესთან არის შედარებული.

საქართველოს გაცნობა ტურისტთა ჯგუფის მიერ, რომლის შემადგენლობაში თვითონ ავტორიც არის, ქუთაისით იწყება: მასზე შთაბეჭდილებას ახდენს ქვეყნის საპრლამენტო დედაქალაქის სიმწვანე - იქ არსებული პარკებისა და ხეების სიუხვე და იქვე შენიშნავს, რომ საერთოდ, საქართველოს 70% ტყეებით არის შემოსილი.

სვანეთისაკენ მიმავალი მარშრუტზე გაჩერების პირველი პუნქტი - ბეჩო: „სწორედ აქედან დაიწყო სვანეთში ტურიზმის განვითარება. სასტუმროები და კაფეები სოკოებივითაა მომრავლებული. ბეჩო ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ალპინისტებისათვის საბაზო ბანაკის როლს ასრულებდა“, - წერს ავტორი. გზადაგზა იგი მკითხველს სვანი ხალხის ხასიათს, მათ ტრადიციებს და ადგილობრივ მკაცრ ბუნებას, კომუნიკაციების მდგომარეობას აცნობს. „სვანეთი ყოველთვის არ იყო ისეთი მშვიდი და წყნარი, როგორიც დღესაა: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აქ ბანდიტიზმი მეფობდა და დანაშაულებრივი ჯგუფები ბატონობდნენ. სვანური კოშკები უკვე მტრისაგან დამცავი საშუალება კი აღარ იყო, არამედ ერთმანეთის მტრობისაგან. აქ დიდი ხანი იყო გავრცელებული შურისძიების ტრადიცია - სისხლის აღების წესიც“.

პუბლიკაციაში გადმოცემულია სოფელ უშგულისა და ლამარიის ეკლესიის ნახვისაგან მიღებული შთაბეჭდილებები. უშგული იუნესკოს მსოფლიო კულტურის მემკვიდრეობის ფონდშია შეტანილი და ევროპის ყველაზე მაღალმთიანი დასახლებული პუნქტია (6900 ფუტი), აქ არსებულ ლამარიის ღვთისმშობლის პატარა ეკლესიას კი მთელი საქართველო პატივს სცემს, რადგან ქრისტიანულ-მართლმადიდებლური სარწმუნოების სიმბოლოა. „როცა დამპყრობლები საქართველოს შემოესეოდნენ ხოლმე, ყველაზე მთავარ ხატებს აქ მალავდნენ, ამ მიუდგომელ რეგიონში. სვანეთი საბჭოთა პერიოდშიც კი უფრო რელიგიურ რეგიონად რჩებოდა, სხვებთან შედარებით.

სტატიის ავტორი აღწერს ადგილობრივ სვანური ყოფა-ცხოვრების ამსახველ მუზეუმს, ტურისტები ეცნობიან სვანურ საცხოვრებელ სახლს - მაჩუბს, რომელშიც ზამთრობით, სითბოს შენარჩუნების მიზნით, ადამიანებთან ერთად, პირუტყვიც იმყოფებოდა.

მასალაში გადმოცემულია სვანური ოჯახური ტრადიციები, რომლებიც, სამწუხაროდ, ნელ-ნელა ქრება. ავტორი ესაუბრება მოხუც სვან ქალს, „მატრიარქს“, რომელიც დარდობს სვანური ენის მომავალზე, ტრადიციების ბედზე, მათ შენარჩუნებაზე... „რას ვიზამთ, ბევრი რამ იცვლება, მაგრამ ტურიზმიც აუცილებელია, ხალხს შემოსავალი გაუჩნდა, დამნაშავეობაც თითქმის აღარაა. სვანებმა საბჭოთა პერიოდი გადავიტანეთ, გავუძელით და ვიმედოვნებ, ახალ დროსაც გავუძლებთ“, - ამბობს მოხუცი უშგულელი.

newspress