29-07-2023
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში გოგლა რამაზაშვილის სახელობის ქართული ჭიდაობის ტრადიციული ტურნირი მეშვიდედ გაიმართა.
ჭიდაობა ყოველი წლის 28 ივლისს, საეკლესიო-სახალხო დღესასწაულ "ივლიტობა"-ს ტარდება გოგლას შვილიშვილის გიორგი რამაზაშვილის ინიციატივით და მისი მეგობრების, ადგილობრივი ბიზნესმენების და ემიგრაციაში მყოფი ლამისყანელების თანადგომით.
კასპიდან ტურნირის აბსოლუტური ფალავნობის გამარჯვებული გიორგი კაციაშვილი (სოფელი ქვემო გომი) გახდა, რომელიც ფულადი პრიზითა და ტრადიციული ყოჩით დაჯილდოვდა.
პატარებში კი II-საპრიზო ადგილი ლამისყანელმა გურამ გურჩიანმა მოიპოვა.
ტურნირის ყველა გამარჯვებულს თასები და პრიზები გადაეცათ.
ტურნირს ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები.
ლამისყანელებისთვის ქართული ჭიდაობა განსაკუთრებული სახეობაა, რასაც საფუძველი ლეგენდარულმა გოგლა რამაზაშვილმა ჩაუყარა. გასულ წელს სოფელს ახალი თანამედროვე საჭიდაო არენა ავუშენეთ, რომელსაც გოგლას სახელი მიენიჭა. აღნიშნული ტურნირიც ახალ, გოგლას სახელობის საჭიდაოზე გაიმართა - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.