2-08-2023
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის ახალი ბრალდების წარდგენას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ის აქვეყნებს ამონარიდს ტრამპის ბრალის დადგენილებიდან და პარალელს ავლებს 2020 წლის არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან.
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ამერიკული სტანდარტის მიხედვით, საქართველოშიც უნდა წარედგინოს ბრალი "სამართლიან არჩევნებს" (ISFED), რომელმაც ხმების პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა, ასევე USAID-ის წარმომადგენლობას, რომელიც აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული იყო და მთელ რადიკალურ ოპოზიციას, ვინაიდან მათი მცდარი პრეტენზიების ლეგიტიმურად წარმოჩენას ცდილობდნენ არჩევნების გაყალბების შესახებ.
"ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ბრალდება წარუდგინეს. ამონარიდი ბრალის დადგენილებიდან: „არჩევნების დღიდან ორ თვეზე მეტი ხნის შემდეგ, ბრალდებული ავრცელებდა სიცრუეს, რომ მოხდა არჩევნების შედეგების გაყალბება და რომ რეალურად მან გაიმარჯვა.
ეს პრეტენზიები მცდარი იყო და ბრალდებულმა იცოდა, რომ მცდარი იყო, მაგრამ მაინც ავრცელებდა, რათა ყალბი პრეტენზიები ლეგიტიმურად წარმოეჩინა, უნდობლობისა და ბრაზის ინტენსიური ატმოსფერო შეექმნა და არჩევნების ადმინისტრირების მიმართ საზოგადოების რწმენა შეერყია" ანუ რა გამოდის? ამერიკული სტანდარტით ბრალი უნდა წარედგინოს ISFED - ის ხელმძღვანელობას და USAID - ის წარმომადგენლობას, რადგან ISFED – მა PVT გააყალბა, ხოლო შემდეგ ელენე ნიჟარაძემ, ამ ორგანიზაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა აღიარა, რომ მან აცნობა დონორს პარალელური დათვლის შედეგებში არსებული დარღვევის თაობაზე.
ასევე ამერიკული სტანდარტით ბრალი უნდა წარედგინოს რადიკალური ოპოზიციის ყველა ლიდერს, რადგან მათ იცოდნენ, რომ არჩევნები წაგებული ჰქონდათ, თუმცა ამერიკული ბრალის დადგენილების თანახმად „ავრცელებდნენ სიცრუეს, რომ მოხდა არჩევნების შედეგების გაყალბება და რომ რეალურად მათ გაიმარჯვეს. ეს პრეტენზიები მცდარი იყო, მაგრამ მაინც ავრცელებდნენ, რათა ყალბი პრეტენზიები ლეგიტიმურად წარმოეჩინა!!!" - წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე.