4-08-2023
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის მთელი კოლექტივი და საქართველოს ვეტერანები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო და სამძიმარს უცხადებენ ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს და ნათესავებს.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მზად არის, შესაბამის სტრუქტურებთან კოორდინაციით და შეთანხმებით, ჩაერთოს სტიქიის ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებებში, ვეტერანებით და, ასევე, ვ. სანიკიძის სახელობის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტლის მედპერსონალით დაკომპლექტებული ჯგუფებით. საჭიროების შემთხვევაში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური, ასევე, გამოთქვამს მზადყოფნას, სტიქიის ზონაში მყოფი ადამიანები, უზრუნველყოს საჭირო, პირველადი მოხმარების ნივთებით და მედიკამენტებით.
შეგახსენებთ, შოვში, მეწყერი, გუშინ, 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, მეწყერს, 6 ადამიანი ემსხვერპლა. ონის მუნიციპალიტეტში, მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება, რომელშიც ჩართულნი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები და 400-მდე მეხანძრე - მაშველი. დღეს, 06:00 საათიდან, სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი ჩაერთო, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკაც. შემთხვევის ადგილზე, ასევე, მუშაობენ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.სტიქიის ზონიდან აქტიურად ხორციელდება მოქალაქეების გამოყვანა და, ამ დროისთვის, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანი. სტიქიის ზონაში მოწყობილია საველე შტაბი, რომელიც მუდმივ კავშირზეა ონის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილ საკოორდინაციო შტაბთან; ადგილზე მუშაობენ გეოლოგებიც.