4-08-2023
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ხუთი პირის მიმართ, რომელთაგან ერთი ყოფილი მოხელეა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2020-2021 წლებში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ცრუ მოწმეების დახმარებითა და ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების შედეგად, მოტყუებით დაირეგისტრირა, საერთო ჯამში 2 528 020 ლარის ღირებულების 28 486 მ2 ფართობის 4 მიწის ნაკვეთი.
ასევე დადგენილ იქნა, რომ ბრალდებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, დამატებით 2 507 736 ლარის ღირებულების, 32 483 მ2 ფართობის 5 მიწის ნაკვეთის მოტყუებით რეგისტრაციის მცდელობის ფაქტს, რაც აღკვეთილ იქნა საგამოძიებო მოქმედებების ოპერატიულად და ეფექტურად განხორციელების შედეგად.
გამოძიების პროცესში დაყადაღებულ იქნა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთები.
მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები თაღლითითურად მისაკუთრებული მიწის ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნების მიზნით.
საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე, 180-ე და 342-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.