გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილი: მინდა ჩემი ღრმა მწუხარება გამოვხატო, მივუსამძიმრო ჩვენი მოქალაქეების ოჯახებს, რომლებიც, საუბედუროდ, ამ დიდი ტრაგედიის შედეგად გარდაიცვალნენ

4-08-2023

პირველ რიგში, მინდა ჩემი ღრმა მწუხარება გამოვხატო, მივუსამძიმრო ჩვენი მოქალაქეების ოჯახებს, რომლებიც, საუბედუროდ, ამ დიდი ტრაგედიის შედეგად გარდაიცვალნენ. კიდევ ერთხელ, ვიზიარებ მათ მწუხარებას. ეს არის ძალიან მძიმე ტრაგედია და მთელი ერი, რა თქმა უნდა, არის გაერთიანებული ამ დიდი ტრაგედიის გარშემო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს რაჭაში განუცხადა, სადაც სტიქიის ზონაში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.


მთავრობის მეთაურის თქმით, 7 გარდაცვლილი იქნა ნაპოვნი და 30-ზე მეტ ადამიანს კვლავაც ეძებენ.


„ახლა რაც შეეხება საქმეს. მე მოვისმინე ინფორმაცია ოპერატიულ შტაბში, რომელიც შექმნილია გუშინდელი დღიდან, რომ დაუყოვნებლივ იქნა გამოგზავნილი 400-ზე მეტი მაშველი და მათ დაიწყეს მუშაობა. 210 ჩვენი მოქალაქე იქნა გამოყვანილი ამ სტიქიის ზონიდან უვნებლად, 210-ვე მოქალაქე. მანამდეც, ღამე ჩვენს პოლიციას, ჩვენს სამაშველო სამსახურს ჰქონდა მაქსიმალური მობილიზება გაკეთებული ადგილზე. არც ერთი ჩვენი მოქალაქე, რომელიც ჯერ კიდევ სტიქიის ზონაში რჩებოდა, არ იყო ყურადღების გარეშე დატოვებული და 210 მოქალაქე, უვნებელი, იქნა გამოყვანილი, და კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს გმირ მაშველებს მადლობა გადავუხადო.


რაც შეეხება სხვა სამუშაოებს. სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის 7 გარდაცვლილი იქნა ნაპოვნი, ცხედარი. ძალიან მძიმე ვითარებაა. სამწუხაროდ, 30-ზე მეტს კვლავაც ეძებენ. თუმცა, ვნახოთ, დაველოდოთ შედეგებს, აქტიური სამუშაოები ხორციელდება.


ასევე მივიღე გადაწყვეტილება, რომ მაშველებთან ერთად ამ პროცესში ჩაერთვება ჩვენი ჯარი, თავდაცვის ძალები, თავიანთი სპეცსაშუალებებით ჩამოვლენ აქ და მიეხმარებიან ჩვენს მაშველებს, რომ აქტიური ძიება გაგრძელდეს.


მე თავად მოვინახულე პარლამენტის თავმჯდომარესთან და ჩვენს მინისტრებთან ერთად სტიქიის ზონა და თქვენც შეგიძლიათ ნახოთ კადრები. ძალიან მძიმე ვითარებაა, ფაქტობრივად, უზარმაზარი ტალახის მასა არის ჩამოტანილი და დაფარული არის პრაქტიკულად, სამწუხაროდ, კოტეჯების ნაწილი მთლიანად არის დაფარული. რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე ვითარებაა. ეს მდგომარეობა გვაქვს ამ მომენტისთვის.


ჩვენ ასევე გვქონდა მსჯელობა, რომ დღეს და შაბათ-კვირას, რა თქმა უნდა, აქტიურად გააგრძელებენ მუშაობას, და ჩვენი გადაწყვეტილებით, გლოვის დღე გამოცხადდება ორშაბათს. ეს შემიძლია გითხრათ ამ ეტაპისთვის", - განაცხადა პრემიერმა.


ირაკლი ღარიბაშვილმა რაჭაში, შოვში სტიქიის ზონა დაათვალიერა.


მთავრობის მეთაური არსებულ ვითარებას, სამაშველო და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
პრემიერ-მინისტრი სტიქიის ზონაში პარლამენტის თავმჯდომარესთან, პარლამენტის წევრებთან და შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.