5-08-2023
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეები დღეს დილიდან მიმდინარე სამძებრო სამუშაოებში აქტიურად ჩაერთნენ. მათივე ცნობით, სტიქიის ზონაში თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები იმყოფებიან.
„სამხედროები ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტის მუხლუხოებიანი ტექნიკით მდინარის მეორე მხარეს გადავიდნენ, დამეწყრილი ფერდობის პერიმეტრზე გაიშალნენ და სპეციალური ხელსაწყოებით სისტემურად ამოწმებენ ტერიტორიას.
გუშინ, პრემიერ-მინისტრის დადგენილების საფუძველზე, თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის ბრძანებების მიღებისთანავე აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონი და ეროვნული გვარდიის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი შოვში მიმდინარე სამძებრო სამუშაოებში ჩაერთნენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, გარდაცვლილია 11 პირი.