ელექტრონული ტენდერი „ჯიპის“ შესყიდვისთვის გუბერნატორის ადმინისტრაციამ 2017 წლის 30 ნოემბერს გამოცხადდა. მასში მონაწილეობის მსურველთა წინადადებების წარდგენა 9 დეკემბერს დაიწყება და 11 დეკემბერს, 12:00 საათზე დასრულდება.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ავტომანქანა უნდა იყოს ახალი ან მეორადი, - „არაუადრეს 2016 წელს გამოშვებული, უავარიო და ძალიან კარგ მდგომარეობაში მყოფი“. ახალი ავტომანქანის შეძენა ბალანსზე არსებული ძველი ავტომანქანის ჩანაცვლების გზით მოხდება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამდებობის პირებს დღეისათვის 5 ავტომანქანა ემსახურება: 2 ერთეული „ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადო“, 1 „ტოიოტა კამრი“, 1 „შევროლე ტაჰო“ და 1 „BMW X5“. აღნიშნული ავტომანქანები 2007-2012 წლებშია გამოშვებული.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია თანამდებობაზე 2013 წლის 13 დეკემბერს დაინიშნა. მანამდე მას შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის თანამდებობა ეკავა.
წყარო: reginfo.ge