6-08-2023
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი რადიკალური ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების შესახებ ანალიზს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
როგორც დავით ქართველიშვილი წერს, შოვის სტიქიის შედეგად გამოწვეულმა ტრაგედიამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რადიკალური ოპოზიცია არ წარმოადგენს ჯანსაღ პოლიტიკურ ნაწილს და სახელმწიფოსთვის „ონკოლოგიად“ იქცა.
„წელს უძლიერესი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაიღუპა 60 ათასი ადამიანი. ეს მოხდა თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების წინ. როგორც შემდგომმა მოვლენებმა დაგვანახეს - ურთულესი, ორ-ტურიანი არჩევნების წინ. იმ დღეებში გვესმოდა თურქული ოპოზიციის პრეტენზიები წინა წლების სამშენებლო თუ პოსტ-კატასტროფული აღდგენის პროცესების მიმართ.
მაგრამ, არც ერთ ნორმალურ ადამიანს, მით უმეტეს, ოპოზიციონერს თავში არ მოსვლია აზრად, მოქმედი ხელისუფლება დაედანაშაულებინა იმაში, რომ ის მოახლოვებული კატასტროფის შესახებ წინმსწრებად ფლობდა ინფორმაციას, მოახდინა უბედურების ზონიდან წინასწარ მხოლოდ საკუთარი ოჯახის წევრთა გამოყვანა და სპეციალურად არ გააფრთხილა „ჩვეულებრივი მოკვდავნი“ და არ განახორციელა მათი დროული ევაკუაცია. ბედნიერია თურქეთი, სადაც მსგავსი უბედური შემთხვევებისა და კატასტროფების წინაშე ერთიანდება ერიც და ბერიც, ოპოზიცია და პოზიცია. საქართველოში გვჭირს ეროვნული უბედურება მეტასტაზური სექტანტების სახით, რასაც ვერც პრევენციითა და ვერც ყოველდღიურად ვერ ვაცილებთ ამ ისედაც დიდ განსაცდელში ჩაფლულ ჩვენს სამშობლოს. სანამ ამ „ონკოლოგიას“ არ დავამარცხებთ, ერის ჯანსაღი ნაწილის განსაცდელი არ დასრულდება. აქ არ იგულისხმება მოქმედი ხელისუფლების „გაიდეალიზირება“, მაგრამ ის ჩასაფრებული მზადყოფნა, ყოველი უბედურება მის ზურგში დანის ჩასარტყმელად გამოიყენო - ეს არის საქართველოს ზედაპირიდან ამოსაძირკვი მუწუკი...“, - წერს დავით ქართველიშვილი.