გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ლევან დავითაშვილი: უსაფრთხოების ჰიდრომეტეოროლოგიური სისტემების მიუხედავად, რომელიც გაკეთდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამწუხაროდ, შოვის მსგავსი სტიქიის წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია

7-08-2023

„ჩვენ დავინახეთ, რომ, სამწუხაროდ, ის დიდი ტრაგედია და უბედურება, რომელიც ქვეყანაში მოხდა, პოლიტიკური სპეკულაციისა და ქულების დაწერის საგანი გახდა. ქვეყანას უსაფრთხოების რესურსების პრობლემა დღეს არ გააჩნია, მაგრამ სტიქიასთან დაკავშირებით, ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, უძლურები ვართ და რაღაცეების პრევენცია, თავიდან არიდება ალბათ შეუძლებელია ხოლმე. ესეთი რამ ხდება არამხოლოდ საქართველოში, ხდება ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში და ძალიან სამწუხაროა, რომ ხანდახან ადამიანები, სისტემები თუ სახელმწიფო ინსტიტუტები, მთლიანად ქვეყნები არიან უძლურნი სტიქიური უბედურებების პრევენციისა და აღკვეთის წინაშე" - ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა განაცხადა.


ვიცე-პრემიერმა ღრმა მწუხარება გამოხატა რაჭაში მომხდარი ტრაგედიის გამო და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.


„როგორც გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, თავს მოვალედ ვთვლი, საზოგადოებას უფრო დეტალური ინფორმაცია მივაწოდო, თუ რა სამუშაოები ჩატარდა სახელმწიფოს მხრიდან გარემოს დაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების და გაძლიერების კუთხით - მას შემდეგ, რაც დავიწყეთ კლიმატის მწვანე ფონდთან ერთად პროგრამა, რომელიც საქართველოში გეოლოგიურ საფრთხეების შესწავლას განახორციელებდა, ასევე ქვეყანაში შეიქმნებოდა შესაბამისი სისტემა გეოლოგიური საფრთხეების პრევენციის კუთხით, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით მსურს აღვნიშნო, რომ მსგავსი ტიპის ტრაგედია, რომელიც მოხდა შოვში, გარდაუვალი იქნებოდა ნებისმიერ პირობებში და ჩვენ რა სისტემებიც არ უნდა გვქონდეს, გვაქვს ან გვექნება მომავალში, შეიძლება მოხდეს ტრაგედიები, სამწუხაროდ და ამისგან დაზღვეული მსოფლიოში არავინ არ არის" - აღნიშნა მინისტრმა.


მისი ინფორმაციით, 2014 წლის მდგომარეობით, ქვეყანაში, ფაქტიურად, სრულად იყო მოშლილი ჰიდრომეტეოროლოგიური სისტემები და გარემოს დაცვის მიმართულებით ქვეყანა საკმაოდ სუსტი იყო.


„ჩვენ 200 თანამედროვე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური შევიძინეთ და დავამონტაჟეთ ქვეყანაში, რომელიც გვაძლევს საშუალებას, დავაკვირდეთ წყლის მატებას, ასევე გვაქვს მეტეოროლოგიური სადგურები, რომლებიც გვაწვდის ამინდის შესახებ ინფორმაციას. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ განვჭვრიტოთ, გარკვეული პროგნოზები გავაკეთოთ და გვქონდეს რეაგირება მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადაც ათასობით მდინარეა. მაგრამ ეს ყველაფერი ხდება რისკზე დაფუძნებული შეფასების შესაბამისად - გადაწყვეტილებები ეფუძნება მაქსიმალურად სარისკო ადგილებს და ჩვენ შევაფასეთ ასეთი 20 მეწყრული უბანი, სადაც მონიტორინგის განსაკუთრებით მეტი სისტემა გავქვს, მაგრამ შოვში, მაგალითად, ასეთი ანალიზის შესაბამისად, ამ ტიპის პროცესები ადრე არ ფიქსირდებოდა და წარმოუდგენელი იყო გათვლა. ეს არ იყო ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული მიმართულება, სადაც გვექნებოდა განსაკუთრებული დაკვირვების უბანი" - განაცხადა დავითაშვილმა.


ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ხელისუფლების ძალისხმევით, შეძენილია და საქართველოში ფუნქციონირებს სამი თანამედროვე რადარი, რისთვისაც ათეულობით მილიონის ინვესტიცია განხორციელდა. გარდა ამისა, მინისტრის თქმით, 11 მდინარის აუზში ჩატარებულია ბუნებრივი საფრთხეების კვლევები, რომლის საფუძველზეც არის გაკეთებული რუკები.


„არაერთი სპეციალისტის, წამყვანი გეოლოგების მიერ გაკეთდა განცხადებები კონკრეტულად შოვის მოვლენებთან დაკავშირებით, რომ აქ, რაც არ უნდა გაფრთხილების სისტემა გვქონოდა, მყისიერად ამ მეწყრულ პროცესებს ვერ შევაჩერებდით, მაგრამ ქვეყანამ, 2018 წლიდან მოყოლებული, ჩაატარა მნიშვნელოვანი სამუშაოები, რომლებიც უკავშირდებოდა მთლიანად გეოლოგიური საფრთხეების შესწავლას. ასე რომ, როდესაც რაღაცას ვამბობთ, იმას ვაკეთებთ და ბევრი რამ გავაკეთეთ ქვეყანაში, მათ შორის ჰიდრომეტეოროლოგიური სისტემების გაძლიერების კუთხით, მაგრამ, სამწუხაროდ, რაც არ უნდა გაკეთდეს, შეიძლება უსუსურები ვიყოთ მსგავსი ტიპის სტიქიური უბედურებების წინაშე და სპეკულირება ასეთი თემებით ყოვლად ამორალურია" - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.