7-08-2023
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, შოვში განვითარებული სტიქიის წარმოქმნის პირველად შეფასებაზე კომენტარი გააკეთა. პირველადი შეფასება, სხვადასხვა ინფორმაციის მოძიების, ანალიზის და ტერიტორიის ადგილზე დათვალიერების საფუძველზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ მომზადდა.
„დღეს გლოვის დღეა საქართველოში. კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო ყველა დაღუპულის ოჯახს, ახლობლებს და მთელ ქვეყანას. ძალიან მძიმე ტრაგედია დაგვატყდა თავს, რომელსაც,სამწუხაროდ, ვერ ავიცილებდით თავიდან. გუშინ გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას მივაწოდეთ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების პირველადი შეფასება. მინდა, მათ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმ 24 საათიანი მუშაობისთვის, რომელიც გაწიეს და საკმაოდ მოკლე დროში შეძლეს პირველადი შეფასების გაკეთება სხვადასხვა ინფორმაციის მოძიების და ანალიზის, ადგილზე დათვალიერების საფუძველზე.
სამწუხაროდ, დღეს სხვადასხვა პოლიტიკოსისგან მოვისმინეთ განცხადებები, თითქოს ამ ადამიანებმა დავალებები შეასრულეს, რაც ყოვლად მიუღებელია; ეს არის ამ ადამიანების შეურაცხყოფა და მოვუწოდებ ყველას, რომ ასეთი განცხადებებისგან თავი შეიკავონ. ეს ადამიანები არიან პროფესიონალები, ასრულებენ საკუთარ საქმეს; მათ დროის ძალიან მოკლე მონაკვეთში შეძლეს პირველადი შეფასების გაკეთება იმმონაცემებზე დაყრდნობით, რაც მათ ჰქონდათ ამ პერიოდისთვის. ჩვენ, სპეციალისტები, სააგენტო გააგრძელებს მუშაობასდა ხეობის კვლევას.
მნიშვნელოვანია ასევე, რომ სტიქიის გამომწვევ მიზეზებთან ერთად, ჩვენ ვისაუბროთ შემდგომ განსახორციელებელ ღონისძიებებზე; უნდა მომზადდეს შესაბამისი რეკომენდაციები, თუ რა უნდა განხორციელდეს მომავალში კონკრეტულად ამ ხეობაში. მინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივაწოდო ის მნიშვნელოვანი დეტალები ამ კვლევის, წინასწარი შეფასების, რომელიც სპეციალისტებმა გააკეთეს.
პირველი, ეს არის, რომ სტიქია დაიწყო შემდეგნაირად: მყინვარ ბუბას დასავლეთით ადგილი ჰქონდა კლდეზვავური მასის ჩამოშლას - დასკვნიდან ვაკეთებ ციტირებას - რომელიც უკვე დინამიკაში მოვიდა, შეეჯახა მყინვარს და მოხდა გარკვეული ნაწილის ჩამონგრევა, რამაც შემდგომში უკვე გამოიწვია თანმდევი პროცესები, მეწყრული პროცესები და შემდეგ ეს ყველაფერი გადაიზარდა ღვარცოფში. მნიშვნელოვანი მომენტია ძალიან, რომ ეს ყველაფერი, ასევე ჩვენი სპეიცალისტების გათვლებით, დაახლოებით, 8-10 წთ-ის განმავლობაში მოხდა - დაწყებიდან, მანამ სანამ ის ჩავიდოდა უშუალოდ სტიქიის ზონაში.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ასევე იყო საუბარი, რომ ადგილი ჰქონდა ორდღიან დაგუბებას და ა.შ.; სხვადასხვა არასწორი ინფორმაციები გვესმოდა ჩვენ ამ დღეების განმავლობაში. მდინარე ჭანჭახზე არსებობს ჰიდროლოგიური სადგური, რომლიდანაც აღებული მონაცემებით, მდინარეზე არც სტიქიამდე და არც სტიქიის პერიოდში, წყლის დონის სხვაობა არ ფიქსირდება. ეს არის მნიშვნელოვანი ფაქტორი კვლევის, ვინაიდან ეს კვლევა აჩვენებს, რომ მდინარეზე ამ პერიოდში, სანამ სტიქია მოხდებოდა, წყლის დონის არც მატება და არც შემცირება დაფიქსირებული არ ყოფილა. ამის საფუძველზე, სპეციალისტები ამბობენ, რომ იქ რაიმე სახის დიდ, ხანგრძლივ შეგუბებას ადგილი ვერ ექნებოდა, ვინაიდან ეს პირდაპირ აისახებოდა მდინარის ხარჯის და დონის მაჩვენებლებზე.
ასევე მნიშვნელოვანია შემუშავებული დასკვნის პუნქტი, რომელზეც მინდა, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივაწოდო ინფორმაცია. ესეც არის სპეციალისტების მიერ გაკეთებული დასკვნა, რომ განვითარებული მოვლენები იყო იმდენად მყისიერი, იმდენად კომპლექსური, რომ მისი თავიდან აცილება,ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი, არის პრაქტიკულად შეუძლებელი.
ვფიქრობ, პირველ რიგში, ყველასპეციალისტმა უნდა შეაფასოს ეს დასკვნა. პოლიტიკოსებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომპოლიტიკური განცხადებებით, რომელსაც ისინი აკეთებენ, არ მიაყენონ შეურაცხყოფა იმ ადამიანებს, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობდნენ, მუშაობენ დღესაც და ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობას ახორციელებენ ჩვენი ქვეყნისთვის თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.