8-08-2023
გვახსოვს, რომ საქართველოს სახელმწიფო 2008 წლიდან მოყოლებული სწორედ 8 აგვისტოს მიაგებს პატივს დაღუპულების ხსოვნას, თავად „ნაციონალური მოძრაობა“ ვიდრე იყო ხელისუფლებაში, მანამდე ყოველთვის 8 აგვისტოს მიაგებდნენ პატივს გმირებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, „მხოლოდ მას შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სახელისუფლებო ბერკეტები დაკარგა, გადაწყვიტეს, რომ ისინი არა დაღუპულების ოჯახის წევრებთან ერთად მიაგებენ პატივს დაღუპულების ხსოვნას, არამედ მარტო და მალულად“.
„ამის პასუხი ძალიან მარტივია, ამის პასუხი არის თავად „ნაციონალური მოძრაობის“ არსსა და მიზანში. მათი არსი არის გახლეჩვა, მათი მიზანი არის დაპირისპირება საზოგადოებაში და ზიზღის დათესვა. სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტმაც არჩია, რომ აჰყვეს „ნაციონალური მოძრაობის“ ამ პოლიტიკას, დღეს საქართველოს პრეზიდენტი დაღუპულების ოჯახებთან ერთად არ არის ძმათა სასაფლაოზე. რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნებს და საელჩოებს, ეს არის ჩვენი ქვეყანა. ეს იყო ჩვენი ომი, ეს არ იყო სხვისი ომი, ეს იყო ჩვენი ომი, ეს არის 15-წლიანი ტრადიცია, რომ 8 აგვისტოს აღინიშნება პატივის მიგება დაღუპული გმირებისა. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ სახელმწიფოს, ჩვენ თუ არ ვცემთ პატივს ჩვენს სახელმწიფოს, მაშინ არც სხვა სახელმწიფო სცემს პატივს ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს თარიღებს. 8 აგვისტო ეს არის თავად „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაწესებული თარიღი დაღუპული გმირების პატივის მიგებისთვის, რომლებიც სხვადასხვა თარიღში 6-ში, 7-ში, 8-ში, 9-ში, 10-ში, 11-ში თუ 12-ში დაიღუპნენ. ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა ბოლო სახელისუფლებო ბერკეტი, მიხეილ სააკაშვილი ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო 2013 წელს, როდესაც 8 აგვისტოს ზუსტად აქ იდგა. ეს ომი არ დაიწყო არც 7 აგვისტოს და არც 12 აგვისტოს დასრულდა. ეს ომი დაიწყო 1801 წელს საქართველოს ოკუპაციით, ანექსიით და გრძელდება, ვიდრე საქართველოს ერთი კვადრატული სანტიმეტრი მაინც ექნება ოკუპირებული რუსეთს. ეს არის, რაც არის სინამდვილე. რაც შეეხება ამ თარიღებით მანიპულაციას, ერთადერთი მიზანი აქვს ამას მხოლოდ, რომ გახლეჩა შემოიტანოს საზოგადოებაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.