8-08-2023
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი აგვისტოს ომის თარიღთან დაკავშირებულ პოლიტიკურ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც დავით ქართველიშვილი წერს, თარიღის შეცვლით „ნაცმოძრაობას“ საკუთარი დანაშაულის გადამალვა სურს.
„მე ვერ გეტყვით გუშინ ქვეყნის პრეზიდენტი და ნაცები რას გლოვობდნენ. თუ იმას, როგორ მოაწერეს ხელი დოკუმენტს, სადაც 7 აგვისტოს ქართულ შეიარაღებულ ძალებს დააბრალეს ცხინვალის მშვიდობიან მოსახლეობის კასეტური ბომბებით „დადუღება“, ეს „ზეიმი“ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს უნდა აარიდონ. ამ „ზეიმით“ „ვივამედის“ კლინიკას უნდა მიაკითხონ. ამ სამარცხვინო აღიარებას დღემდე ებრძვის მოქმედი ხელისუფლება ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, ჰააგის სამხედრო სასამართლოს ჩათვლით. ებრძვის სამშობლოს მოღალატეების ოფიციალურ აღიარებას, რომ ომი „საქართველომ დაიწყო“. ებრძვის იმის დასადასტურებლად, რომ ომი რუსეთმა დაიწყო. ამიტომაც არის ეს ხელისუფლება - „რუსული“, ხოლო ომის დაწყების საკუთარ ქვეყანაზე დადანაშაულების „ვივამედის“ ექსპონატი და მისი „ფროილინები“ – „მედასავლეთეები“. დღეს, 8 აგვისტოს, მუხათგვერდში ვიყავი დილის 9 საათიდან.
ასეთი წარმომადგენლობითი საერთაშორისო და ადგილობრივი დელეგაციები, ჩვენი „დაუძინებელი მეგობრების“ ჩათვლით - მე მუხათგვერდში ამოსული არ მახსოვს. დღეს ძმათა სასაფლაოს და ზეცაში გაბრწყინებული გმირების უკანასკნელ ადგილსამყოფელს ყველა ის ადამიანი ესტუმრა, კელი დეგნანით დაწყებული, ვისაც სჯერა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო. ხოლო, ვინც ხელი მოაწერა იმას, რომ ომი საქართველოს წამოწყებულია, ისინი გუშინ იყვნენ ამოსულები. არის ამ ქვეყანაში თარიღებს შორის რაღაც უცნაური და სამარცხვინო პაექრობა: 7 იანვარს - 25 დეკემბერი ებრძვის, 9 მაისს - 8 მაისი, ხოლო 8 აგვისტოს - 7 აგვისტო - სამივე შემთხვევაში „ნაცები“ ებრძვიან ჭეშმარიტებას. მაგრამ, ეს უკანასკნელი ბრძოლის ველი ყველაზე სამარცხვინოა. რუსეთის „გამპრავებელი“ ძალები 15 წლის განმავლობაში საქართველოს ჩაძირვას ცდილობენ საკუთარი ხელით გაფორმებულ ღალატში, ხოლო, ვინც მათ ამის შესაძლებლობას არ აძლევს, „რუსეთუმებს“ გვიწოდებენ.
პუტინის სასარგებლო იდიოტებისთვის პოლიტიკური განაჩენის გამოტანამდე მცირეოდენი დრო რჩება. ძალიან მინდა ამის მჯეროდეს...“., - წერს დავით ქართველიშვილი.