11-08-2023
ტელევიზია და ჟურნალისტი რომ გქვია და ამას იკადრებ, ალბათ ყველაფრის მკადრებელი ხარ ამის შემდეგ, - ასე ეხმიანება “ქართული ოცნების” დეპუტატი, გიორგი ჩაკვეტაძე, პარტიის ახალგაზრდული ფრთის ყალბი გვერდის შექმნას სოციალურ ქსელში, რომლის დეზინფორმაციული განცხადებებიც ოპოზიციურმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს. ჩაკვეტაძის განცხადებით, აღნიშნულ გვერდს “ქართული ოცნების” ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან საერთო არაფერი აქვს, მისი შექმნა და ტირაჟირება კი, დეზინფორმაციისა და ,,ფეიკ” კამპანიის ნაწილია.
“ეს არის ისეთი რამ, რომელზე შორსაც რომ მოინდომო ვერ წახვალ ტელევიზია და ჟურნალისტი რომ გქვია და ამას იკადრებ, ალბათ ყველაფრის მკადრებელი ხარ ამის შემდეგ. უდიდესი ტრაგედიის შემდეგ, რაც საქართველოს თავს დაატყდა, ეს ხალხი დღეს იცლის იმისთვის რომ ,,ფეიკ” გვერდი ,,ქართული ოცნება 41 - ვაკის ახალგაზრდული ფრთა” შექმნას (ბმული კომენტარებში).
ამის შემდეგ, იცლის, რომ ეს გაავრცელოს და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს სხვისი სახელით. 1 ლაიქი აქვს ამ გვერდს, არის დღეს შექმნილი და უნიჭობისა და ამაზრზენობის შერწყმაა. ქართული ოცნების ახალგაზრდულ ორგანიზაციას ამ ე.წ. ფეიჯთან საერთო რა თქმა უნდა არაფერი აქვს. ეს არის იმ დეზინფორმაციისა და ,,ფეიკ” კამპანიის ნაწილი, რომელზეც მთელი ეს პერიოდია ვსაუბრობთ. ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია კი, ყოველთვის იდგა, დღესაც დგას და მომავალშიც იდგება საზოგადოების გვერდით!” - წერს გიორგი ჩაკვეტაძე Facebook-ზე.