31-08-2018
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკის მოსახლეობის მიერ ოზურგეთი-ქობულეთის დამაკავშირებელი გზის გადაკეტვას აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოყვა. აქციის მონაწილეებს ამ დრომდე გზა გადაკეტილი აქვთ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, სოფელში ხეხილი ფაროსანამ გაანადგურა და მოსავლის გარეშე დარჩნენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ წელს თხილის მოსავალი ვერ მიიღეს და შესაბამისად, საბანკო დავალიანებას ვერ გადაიხდიან. ადგილობრივები აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას და კომპენსაციის გამოყოფას ითხოვდნენ.
აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად ოზურგეთი-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე დაზიანებული ხეხილის მოსავალი მიიტანეს.
სოფელ წყავროკაში გამართულ აქციას აჭარის უმაღლესი საბჭოსა და ქობულეთის საკრებულოს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები შეუერთდნენ.
შეგახსენებთ, რომ სოფელ წყავროკაში მცხოვრებლების პრეტენზიებს გუშინ მთავრობის სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გამოეხმაურა. როგორც აჭარის მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, თორნიკე რიჟვაძემ მადლობა გადაუხადა სოფლის მეურნეობის მინისტრს გაწეული ღონისძიებებისთვის. „ჩვენ უკვე გვაქვს წინასწარი თანხმობა მთელი რიგი საფინანსო ორგანიზაციებიდან, რომლის საფუძველზეც მოსახლეობას ვუშუამდგომლებთ და შევთავაზებთ აღებული დავალიანების გადაწევას მნიშვნელოვანი დროით, რათა მიმდინარე დავალიანება მძიმე ტვირთად არ დააწვეს მათ“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.