13-08-2023
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი აგრძელებს აგვისტოს ომის გარშემო არსებული, მივიწყებული თუ უცნობი ფაქტების გაანალიზებას.
როგორც დავით ქართველიშვილი თავის ვრცელ ანალიზში წერს, ეს ფაქტები შესაძლოა საქართველოს უახლესი ისტორიისთვის უმნიშვნელოვანესი იყოს.
„2008 წლის ომის 15 წლისთავზე, შეკითხვაზე – შექმნა თუ არა სააკაშვილის რეჟიმმა მოწინააღმდეგის მიმართ მიზანმიმართული მაპროვოცირებელი გარემო? - მე მაქვს დადებითი პასუხი. შეკითხვაზე – მიმართა თუ არა მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, რათა თავიდან აეცილებინა პროვოკაციები? - პასუხი უარყოფითია, ვინაიდან ეს არც შედიოდა მის გეგმებში. მოემზადა თუ არა სათანადო დონეზე პუტინის რეჟიმი ამ პროვოკაციების ჩასახშობად? – დიახ, ვინაიდან ეს იყო პუტინ/სააკაშვილის ერთობლივი გეგმის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი. მიაღწიეს თუ არა ორივე დაინტერესებულმა მხარემ თავის ჩანაფიქრების აღსრულებას? – პასუხი ასევე დადებითია. რუსეთმა წერტილი დაუსვა ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თავისთვის გაურკვეველ სტატუსებს და საკუთარი შეიარაღებული ძალები საერთაშორისო სამართლის ნორმებზე თავისივე შეხედულებების ფარგლებში იქ უკვე „ოფიციალურად“ განათავსა. ხოლო სააკაშვილმა, თუ დავუჯერებთ ამ თემაზე შექმნილ უამრავ პუბლიკაციას – „ნაცმოძრაობის“ კორპორაციული და საკუთარი უახლოესი გარემოცვის საკეთილდღეოდ სოლიდური ფინანსური პირამიდა სწორედ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ გაამყარა. როგორც იტყვიან, „კუში მოხსნა“. წაგებული კი მხოლოდ საქართველო და ქართველი ერი დარჩა.
როდესაც არ ცხრება დისკუსიები თემაზე – ვისი „აგენტია“ ბოლო-ბოლო სააკაშვილი, მინდა შეგახსენოთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება, რომელიც დამატებით არგუმენტად შეიძლება იქნას გამოყენებული ამა თუ იმ ვერსიის სასარგებლოდ. მე პირადად არ მახსოვს, რომ ამ გარემოებაზე გამახვილებულიყოს ან პოლიტიკოსების, ან ჟურნალისტების მხრიდან ყურადღება. არ მახსოვს ამ თემაზე სადმე დასმული შეკითხვა, ან პირადად სააკაშვილის, ან მისი კლანის რომელიმე წევრის მიმართ. არადა, მისი მნიშვნელობა N1633 ევრორეზოლუციაზე, იმ მოღალატეობრივ ხელმოწერაზე, სადაც ნაცმოძრაობამ საკუთარი ქვეყნის შეიარაღებული ძალები დაადანაშაულა ომის დაწყებაში – არანაკლებია, თუ არა მეტი.
ამ გარემოებაზე ვრცლად ისაუბრა საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, აწ ასევე პატიმარმანიკოლა სარკოზიმ თავის მემუარებში, რომლებიც ეხებოდა 2008 წლის აგვისტოს ომის ძალზე საინტერესო კულუარულ დეტალებს. საქმე იმაშია, რომ „მედვედევ-სარკოზის 6-პუნქტიანი შეთანხმება“ თავდაპირველად მოიცავდა მეშვიდე პუნქტსაც. და ზუსტად ამ პუნქტის ამოღება მოსთხოვა სააკაშვილმა სარკოზის. ეს პუნქტი ითვალისწინებდა აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მომავალი სტატუსების განსაზღვრას მხოლოდ (!) ფართო წარმომადგენლობითი საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში. ეს პუნქტი ფაქტობრივად იდენტური იყო ვალტერ შტაინმაიერის მიერ შემუშავებული აფხაზეთის პრობლემის მოგვარების სამეტაპობრივი პროექტის მესამე ეტაპისა.
მაგრამ, როგორც შტაინმაიერის გეგმის განხორციელებას არ მიეცა საშუალება (მისი პროექტის აფხაზეთში ჩატანიდან ზუსტად სამ კვირაშიომის დაწყების გამო), ამ ჯერზეც ეს ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი სააკაშვილის მოთხოვნით ამოღებული იქნა „სარკოზი-მედვედევის“ შეთანხმებიდან. საინტერესოდ აღწერს სარკოზი თავის მემუარებში მედვედევის რეაქციას სააკაშვილის ამ გადაწყვეტილებაზე: „ღამის პირველი საათისკენ (12 აგვისტოს) მე დავურეკე მედვედევს და სააკაშვილის მოთხოვნის საფუძველზე, ვთხოვე ამ პუნქტის ამოღება. მედვედევი კმაყოფილი ჩანდა, მათთვის ეს აშკარად აადვილებდა სიტუაციას, მით უმეტეს, რომ მათი ჯარი რჩებოდა დაკავებულ ტერიტორიაზე. საპასუხოდ, მედვედევმა გადამიხადა მადლობა ჩატარებული სამუშაოსთვის. გარდა ამისა, მომეჩვენა, რომ ის ისედაც საქმის კურსში იყო ყველაფრის, რაც ხდებოდა თბილისში. ქართული სისტემა კრემლის ყურებისთვის გაცილებით გამჭვირვალე იყო, ვიდრე ეს წარმოედგინათ ჩემს თბილისელ მასპინძლებს“.
ნიკოლა სარკოზი თავის მემუარებშისააკაშვილის მიერ მეშვიდე პუნქტის ამოღებას შეცდომად მიიჩნევს, ვინაიდან სწორედ ამ გარემოებამ რუსეთს უმოკლეს პერიოდში აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ სტატუსების მიმართ ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღების საშუალება მისცა. ნიკოლა სარკოზის შეფასება დიპლომატიური ენიდან თარგმანშიჩვენთვის ცალსახად ნიშნავს მხოლოდ და მხოლოდ ერთს – ეს იყო სააკაშვილის მორიგი და გამიზნული ანტისახელმწიფოებრივი ღალატი და უმძიმესი დანაშაული.
დღეს, ნაცბანდის წარმომადგენლები დანაწევრებით აკომენტარებენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ საქართველოსთან ავიაფრენების განახლების თაობაზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიმართ მოქმედ ხელისუფლებას არანაირი შეხება არ გააჩნია – ავიამიმოსვლის შეჩერებაზე მათ მიიღეს თავის დროზე ერთპიროვნული გადაწყვეტილება, თბილისში ჩატარებული ოპერაცია „ლЯკას გავრილოვის“ შედეგად და მათი პრეროგატივაა, თავისივე გადაწყვეტილებას როგორც უნდა, ისე გადახედონ. მაგრამ, თუ ცდილობენ „ლავროვის თვითმფრინავებით“ გადაფარონ 2008 წლის 12 აგვისტოს ღამით ჩადენილი ღალატის თემა, დავიტოვოთ უფლება და ამის შესაძლებლობა არ მივცეთ, მათივე ბელადის საყვარელი გამონათქვამით: „ნურას უკაცრავად!“. როგორც კი გგონია, რომ სააკაშვილის მიერ ჩადენილი სახელმწიფო ღალატის ნუსხა ამოწურულია, ზედაპირზე ამოტივტივდება სულ უფრო გამაოგნებელი ფაქტები, რომლებიც ყოველ ჯერზე გახსენებენ, რომ შესაბამისი მუხლი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში კვლავ გვაკლია.
2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დ. მედვედევმა მოაწერა ხელი დოკუმენტს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ ცნობის თაობაზე. ერთ კვირაში ბრიუსელში გაემგზავრა ქართული სამთავრობო დელეგაცია და იმ მომენტისთვისEU-ს თავმჯდომარე ქვეყანას, საფრანგეთს სთხოვა რუსეთისთვის სანქციების დაწესება. მე მოგიყვანთ ამ მოთხოვნაზე ევროკავშირის მიერ გაჟღერებულ რამდენიმე საპასუხო ციტატას:
„ჩვენ არაორაზროვნად ვგმობთ რუსების არაპროპორციულ რეაქციას, მაგრამ აქ, ევროპაში, ვათვითცნობიერებთ ჩვენს რუს მეზობლებთან დიალოგის აუცილებლობას“ - ნიკოლა სარკოზი.
„საქართველოს ირგვლივ კონფლიქტი არ წარმოადგენს რუსეთსა და დასავლეთს შორის „კუნთების სათამაშოდ“ საბაბს, ამიტომ მისი გადაწყვეტის გადასაღები არაა NATO-ს ხელში“ - ნიკოლა სარკოზი.
„ეს არაა დიდი ომის გაჩაღების საბაბი, ეს არაა საბაბი ურთიერთობების გაფუჭებისა“ - ნიკოლა სარკოზი.
„სანქციები რუსეთის წინააღმდეგ? ქვეყნის, რომელიც ფლობს ბირთვულ პოტენციალს, რომელმაც შეიძლება ათგზის გაანადგუროს დედამიწის მოსახლეობა, რომლის ყოველწლიური ეკონომიკური ზრდის ტემპი 7-8%-ია, გაზისა და ნავთობის ქვეყანა, რომელიც ასე სჭირდება ევროპას?“ - სილვიო ბერლუსკონი.
„მსგავსი სანქციები შემდგომ დაძაბულობასა და არსებული ვითარების დაკონსერვებას მხოლოდ ხელს შეუწყობენ. ევროკავშირი ვალდებულია კვანძის გახსნის გასაღები მხოლოდ რუსეთთან მოლაპარაკებების გზით იპოვოს“ - ტრაიან ბესესკუ, რუმინეთის პრეზიდენტი.
„სააკაშვილმა დაუშვა სერიოზული შეცდომა, თუმცა ეს არ ამართლებს რუსეთის ქმედებებს“ - ჰანს-გერტ პოტტერინგი, ევროპარლამენტის თავმჯდომარე.
ევროკავშირმა მაშინ მკაცრად დაგმო რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, მოუწოდა მსოფლიოს არაღიარების პოლიტიკის გატარებისკენ, მზადყოფნა გამოთქვა კრიზისის დარეგულირებაში აქტიურ მონაწილეობაზე და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება დააანონსა. საინტერესოა, რომ საქართველოს დელეგაცია ამ სამიტზე, რომელიც მიმდინარეობდა სარკოზის დევიზით: „საქართველო არაა ევროპის ნაწილი“, წარმოდგენილი იყო ლადო გურგენიძის, ეკა ტყეშელაშვილისა და თემურ იაკობაშვილის სახით, მიუხედავად ევროსაბჭოს მკაცრი ვერდიქტისა, რომ „საქართველოს ოფიციალური პირები სამიტის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებენ!“.
მაქსიმუმ, რაზეც შეჯერდა მაშინ ქართული დელეგაცია, იყო ლადო გურგენიძის რიგითი შეხვედრა ხავიერ სოლანასთან, თუმცა არა ევროსაბჭოს რეზიდენციაში, სადაც ქართველი პრემიერი უბრალოდ არ შეუშვეს. საინტერესო იყო პრეზიდენტ სააკაშვილის განმარტებაც, თუ რატომ არ მონაწილეობდა იგი სამიტის მუშაობაში: არა იმიტომ, რომ მოწვევა არ ჰქონდა, არამედ იმ რისკის გამო, რომ რუსეთი არ დაუშვებდა იქიდან მის საქართველოში დაბრუნებას.
რატომ მოგაწყინეთ თავი ამ ისტორიული ეპიზოდების შეხსენებით? – ჯერ ეს ერთი, არ ვკარგავ იმედს, რომ ოდესღაც ვინმე საქართველოს უახლოესი ისტორიის სახელმძღვანელოს მაინც დაწერს და ეს ფაქტები ალბათ რამეში გამოადგება. 2008 წელს ქართველების შემდგომი გამაღიზიანებელი წუწუნი და აკვიატებული შეწუხება რომ შეეჩერებინათ, დასავლეთმა 2008 წლის 2 ოქტომბერს შეთხზა ცნობილი N1633 რეზოლუცია, რომელსაც („რუსების ზემოქმედებით“, როგორც დავით დარჩიაშვილმა განაცხადა) ქართულმა დელეგაციამ უპრობლემოდ მოაწერა ხელი, ომის დაწყებაში (7 აგვისტოს) საკუთარი თავი დაადანაშაულა და ამით, ლამის საქართველოს სანქცირებას ჩაუყარა საფუძველი. კოლექტიური დასავლეთი ამით დაწყნარდა და 2009 წლის 9 მაისს მოსკოვის წითელ მოედანზე რუსებთან ერთად ერთობლივ სამხედრო აღლუმშიც კი მიიღო მონაწილეობა“, - წერს დავით ქართველიშვილი.