14-08-2023
"არაპროფესიონალი ადამიანებისგან ვისმენთ უმძიმეს ბრალდებებსა შეფასებებს იმ საკითხებზე რომლებზეც სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ. განსაკუთრებული დარტყმის ობიექტი გახდა ირაკლი კობახიძე, კაცი რომელიც ტრაგედიის ადგილიდან არ გამოსულა და თავად ადევნებს თვალს მიმდინარე სამუშაოებს," - წერს “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ბრალდება მარტივია, შესაბამისად, ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ შოვის ტრაგედიას გადარჩენილი და მოვლენით დამძიმებული ადამიანები ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყონ.
მეგრელიშვილი მოუწოდებს ოპოზიციის წარმომადგენლებს, სხვადასხვა კურორტიდან კრიტიკული განცხადებების წერის ნაცვლად, ჩავიდნენ ადგილზე და გაეცნონ, რა კეთდება სტიქიის ზონაში.
“შოვში დატრიალებული ტრაგედიის დღიდან დღემდე სამაშველო სამუშაოებში ყველა უწყება არის ჩართული. ინფრასტრუქტურის სამინისტრო აქტიურად მუშაობს, 80 ერთეული მძიმე ტექნიკა არის მობილიზებული და ძალიან ინტენსიური სამუშაოები ტარდება, ასევე მაშველები, სამხედროები არიან მობილიზებული.
ამ ფონზე არაპროფესიონალი ადამიანებისგან ვისმენთ უმძიმეს ბრალდებებსა და შეფასებებს იმ საკითხებზე რომლებზეც სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ. განსაკუთრებული დარტყმის ობიექტი გახდა ირაკლი კობახიძე, კაცი რომელიც ტრაგედიის ადგილიდან არ გამოსულა და თავად ადევნებს თვალს მიმდინარე სამუშაოებს.
ყველა ბრალდება რომელიც სახელისუფლებო გუნდის მისამართით გაისმის არის შეკვეთილი პოლიტიკური მანიპულაცია. ბრალდება მარტივია, რთულია იყო მმართველი რგოლი და ამ დიდი პასუხისმგებლობის ფარგლებში იმოქმედო ისე, როგორც უნდა იმოქმედო. იმის ნაცვლად, რომ ოპოზიციური პარტიები საკუთარი მწირი ძალებით დადგნენ ხალხისა და სახელისუფლებო გუნდის გვერდით, ყველაფერს აკეთებენ რომ შოვის ტრაგედიას გადარჩენილი და უბრალიდ ამ ტრაგედიის სიმძიმით დამძიმებული ადამიანები ხელისუფლების წინააღმდეგ განაწყონ.
ოპოზიცია, რომელსაც არ უყვარს საკუთარი ხალხი, სწორედ ამ ხალხს იყენებს სათავისოდ. არცერთი არგუმენტი, არცერთი დასკვნა არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ სახელისუფლებო გუნდმა, შესაბამისმა უწყებებმა სტიქიაში მოყოლილი ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად მოქმედება დაიგვიანეს და ის არ გააკეთეს, რაც უნდა გაეკეთებინათ. სახელისუფლებო გუნდი, ყველა უწყება დიდი პასუხისმგებლობით მოქმედებს. კეთილი ინებეთ, ჩადით ადგილზე გვერდით დაუდექით ირაკლი კობახიძეს, მმართველი რგოლის წარმომადგენლებს და მაშველებს, თავად ნახეთ რა კეთდება, სანამ აქ კლავიატურის "ლომებად" იქცევით და რესტორნებიდან და ზღვის სანაპიროდან მათ მოქმედებებს გააკრიტიკებთ” - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.