გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

16-08-2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომაზე ეკონომიკის მიმართულებით ქვეყანაში არსებული დადებითი ტენდენციები მიმოიხილეს.


განსახილველ საკითხებს შორის იყო ინფლაციის დაბალი დონე და ბიუჯეტის შესრულების დინამიკა. როგორც ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა, ივლისში სამომხმარებლო ფასების წლიურმა ინფლაციამ 0.3 პროცენტი შეადგინა, 2023 წლის 6 თვის მაჩვენებლების მიხედვით კი ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა.


მთავრობის მეთაურმა რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის შესახებ მოისმინა ინფორმაცია. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, სამინისტრომ 2023 წლის 6 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი 13.5%-ის ანუ 1 331.1 მლნ ლარის გადაჭარბებით შეასრულა. მიმდინარეობს 203 კმ მაგისტრალური გზების მშენებლობა, რომლის გახსნაც, ეტაპობრივად, 2023 -2024 წლებშია დაგეგმილი. ქვეყნის მასშტაბით, მიმდინარეობს 1800 კმ-მდე შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გზების რეაბილიტაცია. 167 მდებარეობაში მიმდინარეობს წყალმომარაგებისა და წყალარინების, 3 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების, პროექტები. სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის მიმდინარეობს ახალციხის, ზუგდიდის, სოფელ არხილოსკალოს, ბოლნისის, წნორის სპორტული კომპლექსებისა და მრავალფუნქციური სპორტული დარბაზების მშენებლობა. დასრულების ეტაპზეა რუსთავის სპორტული კომპლექსის მშენებლობა. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დაწყებული საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, 130 ახალი ბაღების მშენებლობაზე უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება და ტენდერების გამოცხადება გრძელდება. სხდომაზე განიხილეს 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციის მასშტაბური, 1 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი, რომელიც ასევე პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დაიწყო. პროექტის პირველ ეტაპზე მიმდინარეობს 80 ახალი სკოლის მშენებლობისა და 200 სკოლის რეაბილიტაციის პროცესი. მომდევნო ეტაპი 2024 წელს დაიწყება და 2026 წლის ბოლოსთვის დასრულდება. პროექტი საგანმანათლებლო რესურსებზე თანაბარ ხელმისაწვდომობა-გაუმჯობესებას უზრუნველყოფს და მისი განხორციელებით 230 000-ზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს.


პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დაწყებული ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალი 5 წლიანი პროგრამის ფარგლებში, პირველ ეტაპზე შერჩეული 11 მდებარეობის განვითარებისთვის, გამოცხადებულია 8 ტენდერი.


განსახილველ საკითხებს შორის იყო ტურიზმის მიმართულებით არსებული დადებითი ტენდენციები. როგორც ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, 2023 წლის I-II კვარტალში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბა და რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - 1,804,529,935 აშშ. დოლარი, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებლის 123.9% აღდგენაა. 2022 წელთან შედარებით მოგზაურობიდან შემოსავლები 57.9%-ით არის გაზრდილი. მთლიანობაში, 2023 წლის I-II კვარტლის მდგომარეობით საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 1.8 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.


ასევე განიხილეს ახალი ავიამიმართულებათა დამატებისა და ჩინეთთან ფრენების ინტენსივობის გაზრდის შესაძლებლობები. აღინიშნა, რომ სხვადასხვა ქვეყანასთან ფრენების ინტენსივობის გაზრდა და ახალი ავიამიმართულებების დამატება ხელს შეუწყობს ქვეყანაში ტურიზმისა თუ ავიაციის სექტორის განვითარებას.


სხდომაზე მსხვილი ეკონომიკური პროექტების მიმდინარეობასა და ამ მიმართულებით სამომავლოდ გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს.