24-08-2023
„2024 წლის 13 იანვარს ტაივანის კუნძულზე ტარდება დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები, სადაც პეკინს ჰყავს თავისი კანდიდატი. ამ არჩევნების შედეგზე იქნება დამოკიდებული, კიდევ ერთ რეგიონში ექნება ადგილი მოვლებების „უკრაინიზაციას“, თუ ჩინეთი შევა ისტორიაში, როგორც მშვიდობისმყოფელი, რომელიც 70 წელიწადი ელოდა ტერიტორიული სამართლიანობის აღდგენას“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.
მისი თქმით, რუსეთს არ აწყობს ჩინეთ-საქართველოს კავშირი, ამის გამო კი შეიძლება, გარკვეულ დათმობაზე წამოვიდეს, მაგრამ ამ ეტაპზე რუსეთთან მოლაპარაკება საქართველოს მხრიდან წინდაუხედავი ნაბიჯი იქნება.
„მექმნება შთაბეჭდილება, რომ ჯერ კიდევ ამ წლის მარტში საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩის განცხადება -„მზად ვართ, საქართველოს შუამდგომლობა გავუწიოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებში“- არ დარჩა მოსკოვისთვის უყურადღებოდ. ამას დაემატა საქართველო-ჩინეთის მოლაპარაკებები სტრატეგიული ურთიერთობების დამყარების თაობაზე და აგერ, ბატონო, პირველი შედეგი: დიმიტრი მედვედევი ახმოვანებს რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკაბების შესაძლებლობას. ოღონდ შუამავლების გარეშე.
ვიყავი და ვარ ჩემს მყარ მოსაზრებაზე: მიუხედავად იმისა, რომ თბილისისთვის სოხუმისა და ცხინვალის მიმართულებით გასაღები მოსკოვის გვერდის ავლით ვერ მოიძებნება, მოსკოვთან ძლიერი და სანდო მედიატორის გარეშე მოლაპარაკების წამოწყება, დიდი ალბათობით, იქნებოდა ჩვენი კიდევ ერთი, საბედისწერო შეცდომა.
ამას მალაპარაკებს თუნდაც ჩვენი ურთიერთობების ისტორიის ელემენტარული ცოდნა: 1783 წელს დადებული ხელშეკრულება და მისი 1801 წელს ფეხქვეშ გათელვა; 1920 წლის 7 მაისის დემოკრატიული საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება და მისი უპრობლემო გადალახვა სულ რაღაც 9 თვეში. მესმის რუსეთისა, მას ჩვენ შორის ჩინეთის მედიაცია ძალიან არ აწყობს. იზრდება იმის ალბათობა, რომ მან დათმოს საკუთარი სტატუს-კვო საქართველოსთვის მომგებიანი პოზიციიდან და ჩინეთის კომპონენტის რუსეთისთვის არასასურველ საკონკურენციო პირობებში. ამიტომაც აჩქარდა ის.
მაგრამ ჩვენ (მერამდენედ ისტორიაში) რატომ ვჩქარობთ? 2024 წლის 13 იანვარს ტაივანის კუნძულზე ტარდება დე-ფაქტო საპრეზიდენტო უმნიშვნელოვანესი არჩევნები, სადაც პეკინს ჰყავს თავისი უძლიერესი კანდიდატი. ამ არჩევნების შედეგზე იქნება დამოკიდებული, კიდევ ერთ რეგიონში ექნება ადგილი მოვლებების „უკრაინიზაციას“, თუ ჩინეთი შევა ისტორიაში, როგორც მშვიდობისმყოფელი, რომელიც 70 წელიწადი ელოდა თავისი ტერიტორიული სამართლიანობის აღდგენას.
არ დაველოდოთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს? არ ვაცადოთ თავისი პოლიტიკური რესურსის სამედიაციო მიზნებისთვის გამოთავისუფლება? კარგია მედვედევის ინიციატივა და მოგახსენეთ კიდეც, თუ რითია ის გამოწვეული, ჩემი მოკრძალებული აზრით. ანუ, პროცესი დაიძრა. მაგრამ თუ ჩვენ გვსურს მისი წარმატებით დაგვირგვინება, ამ ჯერზე მაინც მოუთმენლობის ნაცად „ფოცხს“ ნუ დავაბიჯებთ...“ - წერს დავით ქართველიშვილი.