24-08-2023
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალს საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები ესწრებიან. სვანეთში მიმდინარე ფესტივალს ჟურნალისტები გერმანიიდან, კანადიდან და კორეიდან ეწივნენ. კულტურის თემატიკაზე მომუშავე 5 ჟურნალისტისთვის პრესტური ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამართა. ტურის ფარგლებში საქართველოს კულტურის, ტურისტული პოტენციალისა და მესტიის ფესტივალის შესახებ სტატიები, რეპორტაჟები და ვიდეორგოლები მომზადდება შემდეგ პლატფორმებზე: torontofilmcritics.com, POV Magazine, TIP,filmreporter.de, filmfestivals.com, Blickpunkt:Filmდა სხვა. ფესტივალის და საქართველოში მოგზაურობის შესახებ ვიდეო მიმოხილვებს ამზადებს ჯეისონ ბორბერი, რომელიც ტორონტოს კინოკრიტიკოსთა ასოციაციის გვერდზე, ასევე სხვადასხვა მედიაპლატფორმაზე აიტვირთება.
ტურის ფარგლებში გერმანიის კრიტიკოსთა ასოციაციის BVMJ-ის გამგეობის წევრი და FIPRESCI-ის წევრი კატარინა დოკჰორნი სტატიებს მოამზადებს გერმანული გამოცემებისთვის. ცნობილი კორეელი ჟურნალისტი ჯაივონ შეოლი კი კორეული ჟურნალისთვის „კულტურა“ საქართველოს კულტურული ტურიზმისა და ფესტივალის შესახებ სტატიას მოამზადებს.
„მე კანადიდან ვარ და ძალიან გრძელი გზა გამოვიარე სვანეთში რომ ჩამოვსულიყავი, ეს იყო 24 საათიანი ფრენა და 10 საათიანი მგზავრობა ავტომობილით ამ შესანიშნავ ხეობებსა და მთებში, თუმცა მხოლოდ ფილმების ფესტივალისთვის არ ჩამოვსულვარ, მე გავეცანი რეგიონის კულტურას, ადგილობრივებს, აქაურ ფილმებს, თუმცა აქ ყოფნით აღმოვაჩინე, რომ მე თვითონაც ფილმში მოვხვდი. სვანეთში ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე. ადგილობრივებს ვესაუბრე როგორც ფესტივალის, ასევე სვანეთის ულამაზესი ადგილების შესახებ, რომელიც აქამდე ნანახი არ მქონდა“,-აცხადებს ჟურნალისტი ჯეისონ გორბერი.
„საქართველოში ონლაინ გამოცემისთვის კინოფესტივალის გასაშუქებლად ჩამოვედი, სვანეთის გარდა ჩვენ თბილისშიც ვიმოგზაურეთ. მე ბათუმშიც ვარ ნამყოფი და ძალიან მომწონს თქვენი ქვეყანა, კავკასიონის მთები. ფესტივალის მეორე დღეს ჩვენ ძალიან ცნობილი ქართველი მთამსვლელის მიხეილ ხერგიანის მუზეუმი დავათვალიერეთ, წინ გველოდება კიდევ ბევრი სანახაობა“,-აცხადებს გერმანიის კრიტიკოსთა ასოციაციის BVMJ-ის გამგეობის წევრი კატარინა დოკჰორნი.
სვანეთში გამგზავრებამდე საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები თბილისში იმყოფებოდნენ და დედაქალაქის ტურისტულად საინტერესო ადგილებს გაეცნენ.