27-08-2023
დღეის მდგომარეობით კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 2500 ტონა ყურძენი. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ განაცხადა.
"მოსავლის დაბინავება ამ ეტაპზე ძირითადად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს, მომავალი კვირიდან რთველის პროცესი უფრო აქტიურ ფაზაში გადავა. ვხედავთ, როგორ გაზრდილია მოსავლიანობა ბოლო 10 წლის მანძილზე, რაც ექსპორტის ზრდამ და დარგის განვითარებამ განაპირობა. რთველი არის სამეურნეო პროცესი, რომელიც, ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადების მიუხედავად, წელსაც წარმატებული იქნება და არც ერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება მევენახეებს ჩაუბარებელი", - განაცხადა ლევან მეხუზლამ.
მანვე აღნიშნა, რომ სახელმწიფო საწარმო მზად არის მევენახეებისგან მიიღოს კლიმატური პირობების გამო დაზიანებული ყურძენი, რომელზეც კერძო სექტორის მხრიდან არ იქნება მოთხოვნა და ფერმერებს 1 კილოგრამში 90 თეთრი გადაუხადოს.
ამ ეტაპზე რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე დარეგისტრირებულია 110 ღვინოს საწარმო, რომლებიც მოსახლეობისგან ყურძენს შეისყიდის.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, რთველი 2023-ის ფარგლებში, სახელმწიფო რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშების ყურძნის სუბსიდირებას ანახორციელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება, 25 ათასამდე მევენახე ფერმერს და 500-მდე ღვინის მწარმოებელს საქმიანობის გაგრძელების მოტივაციას და განვითარების შესაძლებლობას მისცემს.