30-08-2023
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერთიანებული სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა, რომელსაც თემთა პალატაში საქართველოს საკითხებზე მომუშავე ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე - ჯონათან ჯანოგლი ხელმძღვანელობს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო და გაერთიანებული სამეფო ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში ნაყოფიერად თანამშრომლობენ. ბოლო დროს განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები კი ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს უსვამს ხაზს.
მთავრობის მეთაურის თქმით, საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი მკაფიო დასტურია.
განსახილველ საკითხებს შორის იყო ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება. მთავრობის მეთაურმა ჯონათან ჯანოგლის ეკონომიკური ზრდის დადებითი ტენდენციების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სავაჭრო და ეკონომიკური მიმართულებით არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გამყარებისა და განმტკიცების აუცილებლობაზე იმსჯელეს.
საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და გამოწვევებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, არსებული გამოწვევების ფონზე, გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია.
ირაკლი ღარიბაშვილმა ჯონათან ჯანოგლის მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართ მტკიცე, ურყევი მხარდაჭერისათვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ კონსერვატიული პარტიიდან გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის წევრები- ჯეფრი კლიფტონ ბრაუნი,შაილეშ ვარა, ჰეზერ უილერი, ჰერიეტ ბოლდუინი, ლორდთა პალატის წევრები - გოდფრი კრომველი, პეტა ბუსკომბე, საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი - მარკ კლეიტონი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი - ილია დარჩიაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი - რევაზ ჯაველიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გაერთიანებულ სამეფოში - სოფიო ქაცარავა.