31-08-2023
დედაქალაქში შექმნილი ვითარების გამო, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მხარდაჭერის ჯგუფი მთელი ღამის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში მუშაობდა. სადაზღვევო კომპანიას ზარალის გაცხადების შესახებ 100-მდე დაზღვეულმა მიმართა. ყველაზე მეტი შეტყობინება საცხოვრებელი სახლებისა და კომერციული ფართების დაზიანებას შეეხებოდა. ავტომობილის მწყობრიდან გამოსვლის გამო კი კომპანიას 35-მდე მომხმარებელმა აცნობა.
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ დაზიანებული ქონების აქტიური შეფასება ოპერატიულად დაიწყო, რამდენიმე შემთხვევის დარეგულირება კი ონლაინ მოხერხდა.
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ არასიცოცხლის ზარალების მხარდაჭერის განყოფილების უფროსი, შოთა ტარუღაშვილი:“ჯიპიაი ჰოლდინგის“ ცხელ ხაზზე ზარები მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა. დაახლოებით 40-მდე შეტყობინება ბინების დაზიანებას შეეხებოდა, ძლიერმა წვიმამ პრობლემები შეუქმნა „ჯიპიაიში“ დაზღვეულ კომერციულ ობიექტებსაც - მათ შორის არის სავაჭრო დაწესებულებები. მოქალაქეებმა ავტომობილების დაზიანების შესახებაც მოგვმართეს. ძირითად შემთხვევაში დაზიანების მიზეზი არის დატბორვა. „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა შემთხვევას ინდივიდუალურად სწავლობს. ვმოქმედებთ ჩვენი მომხმარებლების ინტერესებიდან გამომდინარე და რეაგირებას ოპერატიულად ვახდენთ. რამდენიმე შემთხვევაში ზარალის დარეგულირება ონლაინ, გუშინვე შევძელით“.
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ აგრძელებს უხვი ნალექის შედეგად მიყენებული ზარალის შესწავლას. ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მხარდაჭერის ჯგუფს ნომერზე 032 2 605 111