გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ოთარ შამუგია: საქართველოში პირველად განხორციელდა თხილის მიმართულებით მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც ევროკავშირში მიღებული პრაქტიკის შესაბამისია

31-08-2023

„მეთხილე ფერმერებმა, რომლებმაც მოუარეს თხილს, გამოიყენეს სახელმწიფოს დახმარება და განახორციელეს შესაბამისი წამლობა, აქვთ უკეთესი მოსავალი, ვიდრე მათ, ვინც აგროკალენდრით გათვალისწინებული ღონისძიებები არ ჩაატარეს, ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, გავლენა აქვს კლიმატურ პირობებსაც,“ - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ გურიაში მეთხილე ფერმერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ერთ ჰექტარზე 500 ლარის ოდენობით ფინანსური მხარდაჭერა სრულიად საკმარისია რამდენჯერმე წამლობის ჩასატარებლად და ფერმერებმა, რომლებმაც მიზნობრივი პროგრამის მხარდაჭერით ისარგებლეს გასულ წელთან შედარებით, წელს უკეთესი მოსავალი აქვთ.

 

„ჩვენ ხშირად გვესმის, რომ მოვლას მნიშვნელობა არ აქვს, რაც არასწორია, მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა ყველა ფერმერს, ჩვენ სწორედ იმიტომ განვახორციელეთ ეს მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამა, რომ მათ ყველა ის საშუალება ჰქონოდათ, რაც წამლობისთვის არის აუცილებელი. ეს იყო მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და, ვფიქრობ, წელსაც და მომავალ წლებშიც, თუ ფერმერები უფრო მეტად იზრუნებენ თხილის მოვლაზე, გვექნება უკეთესი და უკეთესი მოსავალი“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

 

მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა სხვადასხვა მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გაწეულ დახმარებას და აღნიშნა, რომ სწორედ სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით ათეულობით ახალი საშრობი, ახალი გადამამუშავებელი საწარმო შეიქმნა. მინისტრის განცხადებით, ფაქტია, რომ სექტორი ვითარდება, რაშიც სახელმწიფოს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია.

 

„საქართველოში პირველად განხორციელდა თხილის მიმართულებით მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამა. აღნიშნული პროგრამა იმ პრაქტიკით მუშაობს, რაც ევროკავშირშია მიღებული, პირდაპირი გადახდის სისტემით. რაც შეეხება თხილის ფასს, ჩვენ გვაქვს საბაზრო ეკონომიკა. სახელმწიფო, რა თქმა უნდა ვერცერთ პროდუქტზე ფასს ვერ დაადგენს. აქედან გამომდინარე, მთავარია, კონკურენტული პირობები იყოს ბაზარზე. 100-ზე მეტ კომპანიას გააქვს ექსპორტზე თხილი და 70%-ზე მეტი ევროკავშირში გადის. შესაბამისად, აქ კონკურენცია ძალიან მაღალია, ალბათობა იმისა, რომ რაიმე არასაბაზრო პირობები არსებობდეს, ძალიან დაბალია, თუმცა ყველა, ასე ვთქვათ, ეჭვის გამოსარიცხად, კონკურენციის სააგენტო ახორციელებს თხილის ბაზრის მონიტორინგს და  სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლოს გვექნება კონკრეტული შედეგი. თუ კი რაიმე არასაბაზრო ფაქტორის მოქმედება გამოიკვეთება, კონკურენციის სააგენტო შესაბამის დასკვნას გააკეთებს“, - განაცხადა მინისტრმა.

 

ოთარ შამუგიამ ასევე ისაუბრა მცენარეთა მოვლის საშუალებებზე და აღნიშნა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად და ამ ეტაპზეც ახორციელებს ყველა იმ ობიექტის მონიტორინგს, სადაც მცენარეთა მოვლის საშუალებები იყიდება.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გურიაში იმყოფებოდა, სადაც მეთხილე ფერმერებს შეხვდა და თხილის კრეფისა და ჩაბარების პროცესს ადგილზე გაეცნო.