3-09-2023
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის შემცვლელზე, რობინ დანიგანზე აქვეყნებს მიმოხილვას.
როგორც დავით ქართველიშვილი წერს, რობინ დანიგანის ბიოგრაფია და იდეოლოგიური ხედვა მის მიმართ დიდი ოპტიმიზმის გამოთქმის საშუალებას არ იძლევა.
„ჩვენი ბრალი ნამდვილად არაა, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩის პოზიციას უკანასკნელი ორი წელიწადი უკიდურესად ნეგატიური ელფერი მიესადაგა. ამაში არც აწ უკვე ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის ბრალია მაინცდამაინც, არამედ აშშ-ისთვის მოულოდნელი და მიუჩვეველი ის ახალი გარემოება გახდა, როდესაც საქართველოში ამერიკის ელჩის დე ფაქტო საქმიანობა გამოყვანილ იქნა წლების განმავლობაში ჩვეული, კომფორტული, კულუარული რეჟიმიდან და სააშკარაოზე სულ ახალი ფერებით წარმოაჩინა − და ეს ფერები აშკარად მუქ და ნეგატიურ ასოცირებას აჩენს.
გარდა ამისა, საზოგადოების უდიდეს ნაწილში აღვივებდა ანტიამერიკულ განწყობას, რაც რატომღაც ქალბატონ კელი დეგნანს ნაკლებად აწუხებდა - მან შექმნა რაღაც ხელოვნური, ვირტუალური, რეალობას აცდენილი, ცრუ აღქმებზე დაფუძნებული, არარსებული „საქართველოს მოდელი“ და უკანასკნელ ორ წელიწადში მხოლოდ იმით იყო დაკავებული, რომ ჯიუტად, მიზანდასახულად ავრცელებდა ჩვენი ქვეყნის შესახებ „ფეიკ-ნარატივებს“, როგორც საქართველოს შიგნით, ასევე საკუთარი ხელმძღვანელობის დონეზე.
დღეს საქართველო კელი დეგნანის შემცვლელს ელოდება და ლოგიკურია, მას ცოტა ახლოს რომ გავეცნოთ. სოციალურ ქსელებში, ქართველ მოსამართლეთა დასანქცირების „ღონისძიებების“ დეტალური განხილვისას, მე უკვე შევეხე საქართველოში ახალი ელჩის, ქ-ნ რობინ დანიგანის (Robin L. Dunnigan) ჩვენი ოპოზიციისა და მათი საერთაშორისო მფარველების ამ ერთობლივ „სპეცოპერაციაში“ სავარაუდო მონაწილეობის ფაქტს. ვინაიდან, თუნდაც კელი დეგნანის ფონზე, არასწორი იქნებოდა მისი წინმსწრები „დემონიზება“, უბრალოდ გავეცნოთ მას, ყოველგვარი წინასწარი დასკვნების გამოტანის გარეშე, ვუსურვოთ წარმატება და კელი დეგნანის მიერ დატოვებულ „ფოცხებზე“ დაბიჯებისაგან თავის არიდება. მაშ ასე - ქალბატონი დანიგანი საქართველოში აქამდე ნამყოფი არ არის. თბილისში დანიშვნამდე, იკავებდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ევროპისა და აზიის საკითხებში თანაშემწის მოადგილის პოზიციას (კურირებდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებს).
2018-2021 წლებში იკავებდა ავსტრიაში ელჩის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციას. დიპლომატიურ სამსახურებში მუშაობა დაიწყო 1992 წლიდან, სხვადასხვა დროს დასაქმებული იყო ვიეტნამის, ჩილეს, თურქეთის, კუბისა და სალვადორის საელჩოებში, ძირითადად ორიენტირებული იყო ენერგეტიკის, ვაჭრობის, ინვესტიციებისა და სანქციების საკითხებზე. 2014-2017 წლებში იკავებდა სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის პოზიციასა და კურირებდა ენერგეტიკული რესურსებისა და ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებს. ვაშინგტონში მსახურობდა ევროპის, სამხრეთისა და აფრიკის დეპარტამენტის ენერგეტიკული ბიუროს დირექტორის პოზიციაზე.
ამავდროულად ხელმძღვანელობდა სახელმწიფო მდივნის ოპერატიულ ცენტრს, რომელიც დაკავებული იყო ახლო აღმოსავლეთის საკითხებით. რობინ დანიგანს წარჩინებით აქვს დამთავრებული ნაციონალური სამხედრო კოლეჯი, ხოლო შემდგომ მიიღო მაგისტრის წოდება ნაციონალური უსაფრთხოების სტრატეგიის საკითხებში (სწავლობდა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში დიპლომატიურ მიმართულებაზე). ასევე, მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი კალიფორნიის უნივერსიტეტში ადმინისტრირების მიმართულებით.
ქალბატონი დანიგანი საუბრობს ინგლისურ, ესპანურ, გერმანულ, თურქულ და ვიეტნამურ ენებზე. რობინ დანიგანი ამჟამინდელ თანამდებობაზე დანიშვნამდე იყო აშშ-ისა და უკრაინის ურთიერთობის კურატორი, განსაზღვრავდა უკრაინასთან მიმართებაში აშშ-ის მიერ გასატარებელ პოლიტიკას. მის საკურატოროშივე შედიოდა: ბელარუსი, მოლდოვა, პოლონეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, ლიეტუვა. აღსანიშნავია, რომ რობინ დანიგანს, პოლონეთსა და ლიეტუვაში აქვს ფართო კავშირები, სადაც ასევე საქმიანობენ მიხეილ სააკაშვილისა და ოპოზიციის მიმართ დადებითად განწყობილი პირები (ისინი ხშირად აწარმოებენ შეხვედრებს რობინ დანიგანთან). უმეტეს შემთხვევაში მისი და ხსენებული ქვეყნების ლიდერების პოზიციები სრულ თანხვედრაშია. აღსანიშნავია, რომ რობინ დანიგანი ხშირად სტუმრობდა უკრაინას − აქვს პირადი, ხშირი შეხვედრები უკრაინის მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებთან. ხშირად ჩადის ადგილზეც, სადაც აწარმოებს შეხვედრებს პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის უფროს ანდრეი ერმაკთან (მასთან აქვს პირადი კომუნიკაცია Twitter-ის მეშვეობით).
რობინ დანიგანი აქტიურად მონაწილეობს რუსეთისთვის სანქციების დაწესების საკითხშიც, რომლის ფარგლებშიც დაკისრებული აქვს მაკოორდინირებელი ფუნქციები. გარდა გამოკვეთილი ანტირუსული პოზიციისა, გამოირჩევა ლიბერალური საზოგადოების უპირობო დაცვით. ასევე, მჭიდრო კავშირი აქვს ბელარუსიდან და რუსეთიდან გაქცეულ ოპოზიციონერ ლიდერებთან (დაფიქსირებულია მისი კომუნიკაცია ევროკავშირის მიერ აღიარებულ ბელარუსის პრეზიდენტ სვეტლანა ტიხანოვსკაიასთან). ქართული ოპოზიციის რიგებში პირადი კონტაქტი აქვს ელენე ხოშტარიასთან (არ არის გამორიცხული, რომ ამ უკანასკნელი მხრიდან − რუსეთის საგარეო დაზვერვის დავალებით). რობინ დანიგანი გამოირჩევა პრინციპულობით, მას აქვს ვითარების საკუთარი ხედვა, რომლის ერთგულია. არის კარიერისტი და საკუთარი ცხოვრება სრულად აქვს დაკავშირებული სამსახურებრივი წარმატების მიღწევასთან. მომავალ ელჩს მიღებული აქვს სამხედრო განათლება და გახლავთ წესრიგის მოყვარული, გამოირჩევა ორგანიზატორული ხასიათითა და მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობებით. მაღალი ვარაუდით, ქართულმა ოპოზიციამ უკვე მოახერხა მისი დარწმუნება ხელისუფლების „პრორუსულობაში“, შესაბამისად „ქართულ ოცნებას“, დიდი ალბათობით, მოაკლდება მისი კეთილგანწყობა და აღნიშნული მიდგომა აღარ შეიცვლება. ამ ვარაუდებს ამყარებს მისი ახლო კავშირები სააკაშვილის მომხრეებთან უკრაინაში, პოლონეთსა და ლიეტუვაში, ასევე პირადი ურთიერთობები ანდრეი ერმაკთან.
ამ ეტაპისთვის ნათელია, რომ საქართველოში დანიშვნამდე, ის ფლობდა უფრო მაღალ პოზიციას, რომელიც გაცილებით ღირებულია, ვიდრე ელჩის თანამდებობა. ხოლო მისი ძირითადი სამსახურებრივი სპეციალიზაციიდან გამომდინარე (სანქციები და ენერგორესურსები), მისი ჩამოსვლა შესაძლოა დაკავშირებული იყოს სწორედ ხსენებულ პროფილთან (საქართველოზე გაივლის აზერბაიჯანიდან ევროპისთვის მისაწოდებელი ნავთობპროდუქტები, ელექტროენერგია და ა.შ.). მით უმეტეს, მისი ეს სპეციალიზაცია აშშ-ის გაძლიერებული ყურადღების ცენტრშია საქართველოსა და ჩინეთს შორის ხელმოწერილი სტრატეგიული ურთიერთობების მემორანდუმის პირობებში. ასე რომ, წინასწარი ფრთხილი დასკვნების მიუხედავად, ვფიქრობ, ჩვენი ინტუიციური ხედვები მის მიმართ დიდი ოპტიმიზმის გამოთქმის საშუალებას არ იძლევა“, - წერს დავით ქართველიშვილი.