5-09-2023
მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო მოგვიწევს ბიუჯეტის კორექტირება, გვექნება საინტერესო ინიციატივები და ახალი პროექტები იქნება დაგეგმილი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, დაგეგმილია ისეთი მსხვილი პროექტების დაწყება, როგორიც არის ანაკლიის პორტის პროექტი, ახალი აეროპორტის პროექტირება და ჰესების მშენებლობა.
„იმის გამო, რომ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, მოგვიწევს ბიუჯეტის კორექტირებაც, მეტი შემოსავლები დაუგროვდა ქვეყანას. ამის თაობაზე მოგვიანებით პარლამენტს მივმართავთ კორექტირებული ბიუჯეტის პროექტით. ასევე, ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა ახალ-2024 წლის ბიუჯეტზე. გვექნება საინტერესო ინიციატივები, ახალი პროექტები იქნება დაგეგმილი. მსხვილი პროექტების დაწყებაა დაგეგმილი, როგორიც არის ანაკლიის პორტის პროექტი, ასევე ახალი აეროპორტის პროექტირება და მშენებლობა გვინდა, რომ დავიწყოთ. დიდი პროექტების, ჰესების მშენებლობა გვინდა, რომ ჩვენი თანამონაწილეობით დავიწყოთ როგორიც არის ხუდონი, ასევე ნამახვანზე მიდის მუშაობა, ნენსკრაზე ჩვენ გავედით ბოლოში, მემორანდუმი გაფორმებულია, ჩვენ ველოდებით, რომ წლის ბოლოს, მაქსიმუმ 2024 ში განახლდება სამუშაოები ადგილზე. ასე რომ, ეს არის ჩვენი გეგმა, მეგობრებო. ამას სჭირდება შენარჩუნება მშვიდობის, სტაბილურობის, რასაც მოაქვს მეტი კეთილდღეობა",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.