5-09-2023
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და კახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი სოფელ აკურაში, სახელმწიფო საწარმოში შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ დაზიანებული ყურძნის ჩაბარების პროცესს გაეცნენ.
2 სექტემბერს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის, ახმეტის, სიღნაღის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა.
დაზიანებული ყურძნის სახელმწიფო საწარმოში ჩაბარება 3 სექტემბერს, სტიქიის მეორე დღიდან დაიწყო. მევენახეები შპს "მოსავლის მართვის კომპანიას" დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად აბარებენ.
„მოსახლეობააქტიურად აბარებს დაზიანებულ ყურძენს. დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება დღეს 4 ლოკაციაზე მიმდინარეობს. საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ, რომხვალიდან კიდევ 2 ლოკაცია დავამატოთ. წინასწარი მონაცემებით,სეტყვისგან დაზიანებულია 3500 ჰექტარზე მეტი ფართობი, განსაკუთრებით თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტები, სწორედ ამიტომ განსაკუთრებით დატვირთულია სოფელ აკურაში მდებარე სახელმწიფო საწარმო. ხედავთ, რომ პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს“ - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
მისი ინფორმაციით, გადამუშავებულია 11 ათასი ტონა ყურძენი და აქტიურობით გამოირჩევა კერძო სექტორი. სახელმწიფო საწარმოს მიერ ჯამში გადამუშავებულია 500 ტონა დაზიანებული ყურძენი.
„სამწუხაროდ, ის დაზიანებული ყურძენი, რომელიც საღვინედ არ გამოიყენება, სასპირტედ გადამუშავდება სახელმწიფო საწარმოში“ - დასძინა მან.