გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: Politico-ს ევროპული რედაქცია ამტკიცებს, რომ უკრაინის დასავლელი მეკავშირეების სულ უფრო დიდი ნაწილი რწმუნდება, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ჩიხში არიან შესულები

5-09-2023

„Politico-ს აზრით, უკრაინის დასავლელი მეკავშირეები ყოველთვის გაურბოდნენ ამ მთავარ კითხვაზე მკაფიო პასუხის გაცემას და შემოიფარგლებოდნენ რიტორიკით, რომ "იცავენ უკრაინის დემოკრატიასა და დამოუკიდებლობას“, -ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

ქართველიშვილი თქმით, დასავლური პრესა ფართოდ არ ახმოვანებს, რომ უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგ გამოდის კოლექტიური დასავლეთის სოციუმი, რომლის მოქალაქეები ამჯობინებენ ძირითადი ყურადღების კონცენტრირებას საკუთარი პრობლემების გადასაჭრელად.

 

 

„როდესაც ვეღარ იგებ, ვისი ნოტები ვის როიალშია უკრაინის სამხედრო მოქმედებების არეალში, უნდა მიენდო ავტორიტეტულ ამერიკულ გამომცემლობებს და არა Fox News-ს, რამეთუ ეს "რუსეთუმეობად" ჩაგვეთვლება. მაშ ასე, 4 სექტემბერს თეთრ სახლთან დაახლოებულმა ორივე მედია-გურუმ The Washington Post-მა და Politico-მ საინტერესო პუბლიკაციები გამოაქვეყნეს.

 

ორივემ უკრაინის ჩავარდნილი კონტრშეტევის მიზეზი გადააბრალა კიევის ძირითად მეკავშირე, საკუთარ ქვეყანა აშშ-ს, თუმცა განსხვავებული აქცენტებით: WP - "ამერიკა აწვდის შეიარაღების არასაკმარის რაოდენობას და სუსტად ამზადებს უკრაინულ საჯარისო ფორმირებებს, ხოლო Politico ძირითად აქცენტს აკეთებს თავის თავდაპირველ ეჭვებზე - ღირდა კი საერთოდ უკრაინულ კონტრშეტევაზე წარმატებული ფსონის დადება.

 

აშშ-ს ბრიგადის გენერალი მარკ არნოლდი WP-ს პუბლიკაციაში ბრძანებს: "უკრაინელები იმის გამო წვალობენ, რომ დასავლეთს შეუძლია უფრო მეტი გააკეთოს უკრაინის საბოლოო გამარჯვებისთვის და კონფლიქტის დასასრულებლად, თუმცა ჩვენ ამას არ ვაკეთებთ". გავიხსენოთ კონტრშეტევის საწყისი ეტაპი - 2 ივნისი, როდესაც თეთრი სახლისც კომუნიკაციების დირექტორმა ჯონ კირბიმ ბრძანა: „ჩვენ კმაყოფილები ვართ, რომ უზრუნველვყავით უკრაინის ყველა მოთხოვნა წარმატებული კონტრშეტევისათვის. როდის წამოიწყებენ, მათი გადასაწყვეტია, თუმცა ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ. ჩვენ, ანუ არა მხოლოდ ამერიკამ".

 

აგვისტოს ბოლოს, NATO-სა და უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის ერთობლივი თათბირის შედეგებზე დაყრდნობით, The Wall Street Journal-მა გვაცნობა: "კონტრშეტევის კორექტირების ამერიკული რეკომენდაციები ეყრდნობა იმ რაოდენობის შეიარაღებას, რომელიც აშშ-მ 2022-2023 წლებში გადასცეს უკრაინას და ეს არის 43 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღება, რაც საკმარისი უნდა იყოს წარმატებული კონტრშეტევისთვის და საეჭვოა, რომ შესაძლებელი იქნება მსგავსი მიწოდების განხორციელება მომავალ 2024 წელს".

 

საინტერესო პრეტენზია გამოითქვა უკრაინულ გამომცემლობა Kyiv Independent-ში, სადაც მოყვანილია უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების უკმაყოფილება NATO-ს ინსტრუქტორების მიმართ, რომლებსაც "საერთოდ არ ესმით უკრაინაში მიმდინარე ომის სპეციფიკა". აგვისტოს ბოლოს მსგავსი მოსაზრება The Wall Street Journal-თან საუბარში გაიმეორა მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ: "თქვენ არ გესმით ამ კონფლიქტის ბუნება. ეს არაა დამსჯელი ოპერაცია. ეს არის კურსკის ბრძოლა".

 

Politico-ს ევროპული რედაქცია ამტკიცებს, რომ უკრაინის დასავლელი მეკავშირეების სულ უფრო დიდი ნაწილი რწმუნდება, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ჩიხში არიან შესულები. ყველას ახსენდება აშშ-ს შტაბების ხელმძღვანელთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელის მარკ მილის შარშანდელი (ნოემბერი) ფრაზა: "ეს არის კონფლიქტი, რომლის მოგება სამხედრო გზით შეუძლებელია". Politico-ს ინფორმაციით, ჯერ კიდევ კონტრშეტევის დაწყებამდე, პენტაგონი უკვე იყო პესიმისტურად განწყობილი და ამ პესიმიზმის მთავარი არსი იყო იმაში, რომ დღემდე გაუგებარია უკრაინის დასავლელი მეკავშირეების საბოლოო მიზნები.

 

Politico-ს აზრით, ისინი ყოველთვის გაურბოდნენ ამ მთავარ კითხვაზე მკაფიო პასუხის გაცემას და შემოიფარგლებოდნენ რიტორიკით, რომ "იცავენ უკრაინის დემოკრატიასა და დამოუკიდებლობას". ჩვენს მიერ უკვე ნახსენებმა გენერალმა მარკ არნოლდმა WP-სთან ინტერვიუში ბრძანა: "დასავლეთი თავის სიტყვებს საქმით არ ამაგრებს - სამხედრო დახმარება ან დაგვიანებულია, ან საეჭვო ხარისხისაა". გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რომელსაც დასავლური პრესა ფართოდ არ ახმოვანებს - უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგ გამოდის კოლექტიური დასავლეთის სოციუმი, რომლის მოქალაქეები ამჯობინებენ ძირითადი ყურადღების კონცენტრირებას საკუთარი პრობლემების გადასაჭრელად“, -წერს ქართველიშვილი.