8-09-2023
„სააკაშვილის სექტის და სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლოს ურთიერთობებზე შეგვიძლია ცალკე სახელმძღვანელო დავწეროთ და ქრესტომათიულ სასწავლო დისციპლინად შემოვიღოთ თუ რა არ უნდა აკადრო ევროპულ მართლმსაჯულებას“, - „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ქართველიშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სტრასბურგმა მოასწრო საქართველოდან რეკორდული ოდენობის სარჩელების მიღება, რომელთა 90%-ის განხილვა საქართველოს ხელისუფლების მარცხით დასრულდა.
„სააკაშვილის სექტის და სტრასბურგის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლოს ურთიერთობებზე შეგვიძლია ცალკე სახელმძღვანელო დავწეროთ და ქრესტომათიულ სასწავლო დისციპლინად შემოვიღოთ თუ რა არ უნდა აკადრო ევროპულ მართლმსაჯულებას.
სექტის ქვეყნის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სტრასბურგმა მოასწრო საქართველოდან რეკორდული ოდენობის სარჩელების მიღება, რომელთა 90%-ის განხილვა საქართველოს ხელისუფლების მარცხით დასრულდა.
სამწუხაროდ, დაზარალებულთა მიმართ ფულადი კომპენსაცია უკვე მოქმედ ხელისუფლებას დაეკისრა, რაც სააკაშვილის სექტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის უკანონო ფლანგვის ნაწილს, კიდევ ერთი დამატებითი ზარალი მიამატა გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე.
მაგრამ სექტანტების თავხედობა იმაშიც გამოიხატებოდა, რომ სტრასბურგს იქეთ მიმართავდნენ, „საკუთარი უფლებების დაცვის“ მაძიებლობის კუთხით. ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში მათი ეს არაერთი მცდელობა სრული კრახით დასრულდა. გავიხსენოთ "რუსთავი 2"-ის საქმე, მიხეილ სააკაშვილის არაერთი სარჩელი, ბაჩანა ახალაიას "ქეისი", გიგი უგულავას მცდელობა პოლიტიკურ ნაწილში დარღვევების დასადგენად, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე, მალხაზ მაჩალიკაშვილის სარჩელი, ზურა "გირჩი" ჯაფარიძის და აწ უკვე ნიკანორ მელიას მიმართვები ყოველ ჯერზე სტრასბურგი ან განსახილველადაც არ იღებდა მათ განცხადებებს, ან სრულიად გამამტყუნებელი ვერდიქტით შემოიფარგლებოდა.
მაგრამ, ყველაზე სამარცხვინო ქმედება მაინც მეგის ქარდავას საქმეს უკავშირდება. 2021 წლის ზაფხულზე, როდესაც საქართველოში მისი ექსტრადირების საკითხი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო სააკაშვილმა მიმართა აქამდე არნახულ თაღლითობას: გაეროს ლტოლვილთა უზენაესი კომისარიატის უკრაინის წარმომადგენლობას გააკეთებინა ყალბი ცნობა, რომ მეგის ქარდავას მინიჭებული აქვს პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსი და მისი საქართველოში ექსტრადირება არ შეიძლება.
აღნიშნული ყალბი დოკუმენტი სააკაშვილმა სტრასბურგში ჩაატანინა ორ ნონას: მამულაშვილს და წოწორიას, რომლებმაც იგი სასამართლოს კანცელარიაში ჩააბარეს. ვსარგებლობ შემთხვევით და უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო უკრაინის საიმიგრაციო სამსახურის იმჟამინდელ ხელმძღვანელს მაქსიმ იურის ძე სოკოლიუკს, რომელმაც მყისიერად დააწია სტრასბურგს დოკუმენტი, რომ: „მეგის ქარდავას განაცხადი უკრაინაში ლტოლვილის სტატუსის მაძიებლობაზე არ დაკმაყოფილდა სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ“.
აღნიშნული წერილის მიღებისთანავე, სააკაშვილის ფეიკ-განცხადება განსახილველადაც არ იქნა მიღებული სტრასბურგის სასამართლოს კანცელარიის დონეზეც კი. მართალია, ამისთვის სააკაშვილი და მისი სექტანტები არ დასჯილან, თუმცა ვისთან აქვთ საქმე სტრასბურგმა დიდი ხნით დაიმახსოვრა. სამაგიეროდ, სააკაშვილის ძალისხმევით დაისაჯა მაქსიმ სოკოლიუკი: 2021 წლის 29 სექტემბერს, როდესაც სააკაშვილი უკვე იყო კონტრაბანდულად მოთავსებული არაჟნის კონტეინერში, მაქსიმ სოკოლიუკი გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან.
სტრასბურგი და სააკაშვილი სამწუხაროდ, ორმაგად სამარცხვინო ლაქა ამ სასამართლოსთან ურთიერთობებში საქართველოს უახლოეს ისტორიაში. ჯერ სექტის დანაშაულების ჭრილში, რომელიც შეეხო ადამიანის უფლებების კონვენციის თითოეული მუხლის დარღვევას, ხოლო შემდგომ ამ კრიმინალების თაღლითობის კუთხით სტრასბურგთან უკვე საკუთარი დანაშაულებრივი ბუნების ლეგიტიმაციის მიზნით“, - წერს ქართველიშვილი.