8-09-2023
მინდა კიდევ ერთხელ იმედი გამოვთქვა, რომ თუ ჩვენ ნამდვილად გვსურს პოლარიზაციის დასრულება ქვეყანაში, როგორც თქვენ ბრძანეთ, თუ თქვენ ნამდვილად გსურთ, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდეს, კიდევ უფრო დაახლოვდეს, მაშინ ჩვენი პოზიციაა შემდეგი, საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის პოლიტიკური და არა მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება.
„მეც მინდა ვუპასუხო თქვენს კითხვას. მე ასე მარტივად არ დავაყენებდი საკითხს, როგორც ბატონმა ბორელმა განმარტა. სტუდენტის და პროფესორის მაგალითზე. ჩვენ გაცილებით სრრიოზულ და რთულ მოცემულობაში ვიმყოფებით. ჩვენი მთავარი არგუმენტი, ბატონო ჯოზეფ, არის შემდეგი - ჩვენ ვითხოვთ სამართლიან მოპყრობას. შარშან მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს ბონუსად სტატუსი, ავანსად, ისე, რომ მათ არ ჰქონდათ შესრულებული არცერთი რეკომენდაცია და ჩვენ არ მივიღეთ სტატუსი. კითხვა არის აბსოლუტურად ლოგიკური და სამართლიანი. ქართველებს ყველაზე მეტად რაც არ გვიყვარს, ეს არის უსამართლობა. ჩვენ უსამართლობას არ ვეგუებით. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის გადაწყვეტილება, რომელსაც თქვენ მიიღებთ სამართლიანი იყოს.
რაც შეეხება იმას, თუ რა გზავნილი იქნება, ასეთ ვითარებაში, როდესაც არავინ იცის, როდის და როგორ დასრულდება უკრაინაში ომი, როგორი წესრიგი ჩამოყალიბდება მსოფლიოში, ასეთ ვითარებაში, მთავარ არგუმენტს გავიმეორებ, მოლდოვას და უკრაინას ავანსად მიეცით სტატუსი და ჩვენ არ მოგვეცით სტატუსი შარშან. ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, არაპროგნოზირებად გარემოში ნებისმიერი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, ნებისმიერი ნეგატიური გზავნილი, პოზიტიური გზავნილი იქნება რუსეთისთვის.
ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა შემდეგი - ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს პროცესი რთულია, ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული დამოკიდებულება, მაგრამ ამავდროულად კარგად გვესმის, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს არ არის მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. ვინაიდან, კიდევ ვიმეორებ, მოლდოვის და უკრაინის შემთხვევაში თქვენ მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებით იხელმძღვანელეთ. ასე, რომ მინდა კიდევ ერთხელ იმედი გამოვთქვა, რომ თუ ჩვენ ნამდვილად გვსურს პოლარიზაციის დასრულება ქვეყანაში, როგორც თქვენ ბრძანეთ, თუ თქვენ ნამდვილად გსურთ, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდეს, კიდევ უფრო დაახლოვდეს, მაშინ ჩვენი პოზიციაა შემდეგი, საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს", - განაცხადა პრემიერმა.