12-09-2023
როდესაც ცესკოს დაკომპლექტების პროცესში პრეზიდენტის როლზე ვსაუბრობთ, ეს როლი ვიღაცისთვის შეიძლება საეჭვო იყოს, მაგრამ პარლამენტში კოალიციური უმრავლესობის არსებობის შემთხვევაში, პრეზიდენტის როლი ძლიერი იქნება, - ასეთია პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის პოზიცია “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტის იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, პრეზიდენტს ცესკოს წევრებისა და ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნის უფლებამოსილება იმ შემთხვევაში ენიჭება, თუ მათ პარლამენტი ვერც უბრალო უმრავლესობით აირჩევს.
როგორც პაპუაშვილი განმარტავს, რამდენად აისახება ცვლილებები პრაქტიკაში და მოხერხდება თუ არა ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების კვალიფიციური უმრავლესობით არჩევა, ეს ოპოზიციაზეა დამოკიდებული. პაპუაშვილი აცხადებს, რომ მათ ევრორეკომენდაცია გაითვალისწინეს, თუმცა „კვალიფიციური უმრავლესობით კანდიდატების არჩევის პრინციპი უბრალოდ სურვილია და მას რეალობასთან კავშირი არ აქვს“.
„კვალიფიციური უმრავლესობის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება ცნობილია. პრაქტიკამაც დაადასტურა, რომ ჩვენი მიდგომა სწორია იმ მხრივ, რომ არარეალისტურია ასეთი სისტემების შემოღება და როცა უმრავლესობას პასუხისმგებლობა აქვს აღებული ხალხის მანდატით, ის უნდა იქნას ასახული მათ შორის, სხვადასხვა გადაწყვეტილებების მიღებაში. თუმცა, ვინაიდან იყო კვალიფიციური უმრავლესობის დაბრუნების რეკომენდაცია, შემუშავდა ცვლილებები. ამავე დროს, იცით, რომ დაბლოკვის საწინააღმდეგო მექანიზმიც არის შემოღებული იმ შემთხვევისთვის - თუკი ცესკოს წევრი და თავმჯდომარე უბრალო უმრავლესობით იქნებიან არჩეული, ისინი ვადაში შეზღუდული არ იქნებიან.
რამდენად მოხერხდება კვალიფიციური უმრავლესობით არჩევა, ოპოზიციაზეა დამოკიდებული. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ კვალიფიციური უმრავლესობით არჩევის პრინციპი არის სურვილი, რომელსაც რეალობასთან კავშირი არა აქვს, ორგანულად არ არის დაინტერესებული ოპოზიცია, რომ უმრავლესობასთან რაიმე კონსტრუქციული თანამშრომლობა შედგეს - განსაკუთრებით მაშინ, როცა პარლამენტში რადიკალური ჯგუფები არიან.
პრეზიდენტს სრული დისკრეცია ეძლევა ცესკოს თავმჯდომარე თუ წევრი იმ შემთხვევაში დანიშნოს, თუკი პარლამენტი უუნაროა თავად, რომ აირჩიოს წევრი. ასე ნუ შეხედავთ (დღევანდელი მოცემულობით), რადგან უმრავლესობა შეიძლება იყოს სხვაგვარი, მათ შორის კოალიციური, პარლამენტში იყოს უთანხმოება კანდიდატთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში პრეზიდენტს ძლიერი ინსტრუმენტი ეძლევა, რომ მან გადაწყვიტოს საკითხი,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, მისი პასუხი გულისხმობს თუ არა იმას, რომ 2024 წელს პარლამენტში კოალიციურ უმრავლესობას არ გამორიცხავენ, პაპუაშვილი განაცხადა, რომ „საუბრობს მომავალ ბევრ წელზე“.
„როცა ვსაუბრობთ პრეზიდენტის როლზე ამ ცვლილების შედეგად, ამ შემთხვევაში ეს როლი ვიღაცისთვის შეიძლება საეჭვო იყოს, როცა კონსოლიდირებული უმრავლესობა გვაქვს, მაგრამ ჩვენ ხომ მომავალ ბევრ წელზე ვსაუბრობთ? თუკი შეიძლება იყოს კოალიციური უმრავლესობა, ამ შემთხვევაში პრეზიდენტის როლი იქნება ძლიერი,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
ინფორმაციისთვის, მმართველი უმრავლესობის ინიციატივით, ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ იცვლება - მათი არჩევის პროცესში ხმათა 3/5-იანი კვორუმი შემოდის.
საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, არჩევა 76 ხმით მოხდება. შესაბამისი კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი და 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას 5 წლის ვადით დაიწყებენ. იმ შემთხვევაში კი, თუ ვერც 76 ხმა მოგროვდება, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა.
ამასთან, ძალაში რჩება საარჩევნო კანონმდებლობასა და პარლამენტის რეგლამენტში შეტანილი ცვლილებები, რომლის მიხედვით, კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს.