გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

Biodiversa+ საგრანტო კონკურსი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პარტნიორობით ჩატარდება

12-09-2023

ევროპული ბიომრავალფეროვნების პარტნიორობის (Biodiversa+) საგრანტო კონკურსის „ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები (NBS) ბიომრავალფეროვნებისთვის, ადამიანის კეთილდღეობისთვის და ტრანსფორმაციული ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი პარტნიორი და თანადამფინანსებელი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იქნება.

 

კონკურსის შესახებ გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ესწრებოდა. შეხვედრაზე სამინისტროსა და ევროპული ბიომრავალფეროვნების პარტნიორობის წარმომადგენლებმა ქართველ მეცნიერებს კონკურსის თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

 

სოლომონ პავლიაშვილმა ევროპელ პარტნიორებს წლების განმავლობაში გამოცხადებული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი რეკომენდაციების საფუძველზე, საქართველოს მთავრობამ ბიომრავალფეროვნების მიმართულებით არაერთი პოზიტური ნაბიჯი გადადგა.

 

„მოხარული ვარ, რომ საქართველო ბიომრავალფეროვნების ევროპულ პარტნიორობას შეუერთდა. ეს არის წლების განმავლობაში, როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების, ჩვენი მეცნიერების ერთობლივი მუშაობის შედეგი. ეს არის დასტური იმისა, რომ მეცნიერების რეკომენდაციები, სამეცნიერო კვლევები უფრო მეტად უნდა იყოს გათვალისწინებული სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ პოლიტიკაში. აღნიშნული თანამშრომლობა ბიომრავალფეროვნების მიმართულებით კვლევების ჩატარების გაცილებით მეტ შესაძლებლობას მოგვცემს, რაც მოგვიანებით პოლიტიკურ დოკუმენტებში აისახება“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

 

ევროპული ბიომრავალფეროვნების პარტნიორობის (Biodiversa+) საგრანტო კონკურსის ფარგლებში, მეცნიერები კვლევებს ბიომრავალფეროვნების მიმართულებით ჩაატარებენ. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია კონსორციუმის შექმნა, სადაც ქართველ მეცნიერებთან ერთად ევროკავშირის წევრი 2 ქვეყნის წარმომადგენლები იქნებიან ჩართული. პირველ ეტაპზე განაცხადებს ევროპული ბიომრავალფეროვნების პარტნიორობის ექსპერტები განიხილავენ, მომდევნო ეტაპზე კი ხმის მიცემის პროცესში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩაერთვება. საგრანტო კონკურსზე განაცხადების მიღება უკვე დაიწყო.

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული პარტნიორობის Biodiversa+ (ევროპული ბიომრავალფეროვნების პარტნიორობა) წევრი 2023 წელსგახდა. ევროპული ბიომრავალფეროვნების პარტნიორობის მიზანია ბიომრავალფეროვნების გამორჩეული ხარისხის კვლევების განვითარების ხელშეწყობა და ჰარმონიზაცია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და პოლიტიკის შემუშავება.