12-09-2023
„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის დასკვნას სოციალურ ქსელში ეხმაურება, რომლის მიხედვითაც აშშ-ში ადამიანის უფლებების დარღვევის უხეში ფაქტებია გამოვლენილი.
როგორც დავით ქართველიშვილი წერს, საქართველოს მსგავსი პრობლემის დამარცხების გამოცდილება აქვს და თუ დაინტერესდება აშშ-ი ამ გამოცდილების გაზიარებით, სახელმწიფოს მიმართოს.
„ეს ის შემთხვევაა, როდესაც გინდა რამეთი დაეხმარო შენს სტრატეგიულ პარტნიორს, მაგრამ რეალურად არ იცი - მიიღებს კი ის შენს მიერ გამოწოდებულ ხელს? უფრო სწორად, იცი, რომ არ მიიღებს. არადა, დროებით მაინც მიატოვებდა კაცი იმ შენთვის თითიდან გამოწოვილი 12-პუნქტიანი რეკომენდაციების განხილვას არარსებულ თემებზე და ჩაფრინდებოდა აშშ-ში რეალური პრობლემების მოსაგვარებლად, მაგრამ ისიც ხომ გესმის, ვიზას რომ არ მოგცემენ...
ანდა, აშშ-ში გამოვლენილი უსერიოზულესი პრობლემების მოსაგვარებლად, ამ სფეროს უდიდეს სპეციალისტს (თუ არ უსაჩუქრებდა საბოლოოდ, ცოტა ხნით მაინც) მიავლენდა კაცი კატასტროფის ეპიცენტრში, მაგრამ ლომჯარია სულ სხვა, „ანტიბაიკონურ“ ორბიტაზეა დღეს და მას (სამწუხაროდ ყველასთვის), არ სცალია. არადა, როგორი მოსასმენია დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულების „ეტალონად“ ცნობილი ზე-სახელმწიფოდან ესოდენ შემაშფოთებელი ამბების გაგონება...
ქვეყანაში არსებობს „სისტემური რასიზმი“, სახელმწიფო ინსტიტუტებში რასობრივი დისკრიმინაციაა, პოლიციის მხრიდან რასობრივი და ეთნიკური უმცირესობების წევრების მიმართ ძალის გადაჭარბებული გამოყენებაა და დაუსჯელობის სინდრომით სარგებლობაა. ასევე, უკანონო თვალთვალია, ხმის მიცემისა და არჩევნებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვაა. დიახ, ადამიანის უფლებების დარღვევის მსგავსი უხეში ფაქტები არა გაბონში თუ ბურკინა-ფასოში, არამედ აშშ-შია გამოვლენილი.
ეს უმძიმესი შეფასება და დასკვნა აშშ-ის შესახებ, გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა გამოაქვეყნა. ჯერჯერობით გაურკვეველია, რამდენად „რუსულია“ აღნიშნული კომიტეტი. იმედია, „ფრანკლინის კლუბი“ და გიგაურის „კანტორა“ ამაში მალე გაგვარკვევენ. მანამდე კი ხელები გაქვს ჩამოშვებული იმის გამო, რომ ვერაფრით ეხმარები, არადა, სიტუაციის გამოსასწორებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შედგენას რა უნდა. მაგრამ, პრობლემა მათი შესრულების სტადიაზე მესახება. უფრო სწორად - ამის ელემენტარული სურვილის არარსებობაში...
ასეა თუ ისე, ჩვენ დღეს ყველანი „ამერიკელები ვართ“ და სოლიდარობას ვუცხადებთ რიგით ამერიკელ შავ და თეთრკანიანებს, მათ ამომრჩეველს, პატიმრებს, პოლიციელების მსხვერპლს, უკანონო თვალთვალის ობიექტებს - ჩვენ ეს ყველაფერი გამოვლილი გვაქვს 2004-2012 წლებში და თუ მაინც დაინტერესდებიან, როგორ უნდა გაუმკლავდნენ ამ ყველაფერს და აღმოფხვრან ეს უბედურება, ჩვენი მისამართი იციან. მოგვმართონ“, - წერს დავით ქართველიშვილი.