გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გია ცაგარეიშვილი: ითხოვდა მეორე ფრონტს, ითხოვდა ბომბების წვიმას და სწორედ მაგიტომ გააკეთეს აქცენტი ლომჯარიაზე - როგორც ჩანს, დონორებს არ აწყობთ ქართული ხასიათის ხელისუფლება

13-09-2023

ითხოვდა მეორე ფრონტს, ითხოვდა ბომბების წვიმას და სწორედ მაგიტომ გააკეთეს აქცენტი [ლომჯარიაზე]. ზოგადად, ქართულ პოლიტიკაში მესამე ძალის ძებნის ისტორია არ არის ხანმოკლე, საკმაოდ ხანგრძლივია, მე მახსოვს რამდენიმე მცდელობა "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში ამგვარი ძალის გამოჩხრეკვის, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა ტელეკომპანია "პოს ტვ"-ის ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, სააკაშვილის ხელისუფლებამ მესამე ძალად გიორგი თარგამაძის პარტია "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" წარუდგინა საზოგადოებას, რითაც რეალური ოპოზიცია გაანადგურა და რომ არა ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა მაშინდელ ოპოზიციურ ფლანგზე, 2012 წელს არაფერი შეიცვლებოდა.

 

"ერთხელ იპოვეს ასეთი ე.წ. ძალა, რენეგატი გიორგი თარგამაძის სახით, რომელიც ჯერ მედიამენეჯერი იყო, შემდეგ აბაშიძესთან მოღვაწეობდა, შემდეგ ისევ მენეჯერი იყო, შემდეგ პატარკაციშვილს უღალატა, შემდეგ ისევ მენეჯერი იყო, შემდეგ პარლამენტში დასვეს, ჩააბარეს და შეუკოწიწეს უმრავლესობა - ჩემს თვალწინ ხდებოდა ეს ყველაფერი, მაშინ პარლამენტის წევრი გახლდით. ამის შემდეგ სად აღმოჩნდა კი უყურებთ, არაფერი მისგან არ გამოვიდა. ასეთი მცდელობები სააკაშვილს ბევრჯერ ჰქონდა რომ ე.წ. მესამე ძალა შეეკოწიწებინა, ამით გაენადგურებინა რეალური დემოკრატიული ოპოზიცია, მცდელობას არ აკლებდა - ერთხელ ეს ფაქტიურად გამოუვიდა მას, როცა იმჟამინდელმა ოპოზიციამ თავისი ხელით გაინადგურა თავი და შემდეგ ბატონი თარგამაძე "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" სახით მიართვა ხონჩით საქართველოს მოქალაქეებს და უთხრა, რომ ესენი არიან ჭეშმარიტი ოპოზიციონერები, თორემ ისინი ბრიყვები არიან და წავიდნენ მოუსვლელში და ეს ფაქტიურად გამოუვიდა მას. რომ არა 2011-12 წლებში ბატონი ივანიშვილის გამოჩენა ოპოზიციის ფლანგზე და შემდეგ მის გარშემო "ქართული ოცნების" კოალიციის გაერთიანება, არაფერი გამოვიდოდა 1 ოქტომბერს, ამაში ხომ ყველანი დარწმუნებული ვართ, მით უმეტეს, ამ გადმოსახედიდან." - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

 

როგორც მან განმარტა, მესამე ძალის ძებნის ინტერესი მმართველ პარტიას არ აქვს, ამიტომ, ამ საქმით დონორები დაკავდნენ, რომლებსაც არ აწყობთ არსებული ხელისუფლება და ცდილობენ მის შეცვლას. მისი თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, საქართველო საომარ კონფლიქტებში არ ჩაერთვება, ვინაიდან ეს ქვეყნის განადგურებას გამოიწვევს.

 

"ახლა, "ქართულ ოცნებას" არავითარი სურვილი არ აქვს, ამ უმადური საქმით დაკავდეს, ეს ჩვენი მიზანი არ არის და ეტყობა კიდეც ეს პოლიტიკურ სპექტრს 2012 წლიდან მოყოლებული.  ვინ დაკავდა ამ უმადური ამოცანის შესრულებით? - დაკავდნენ დონორები, რომლებსაც, როგორც ჩანს, ძალიან არ აწყობთ ამგვარი ფორმაციის, ამგვარი აზროვნების, სტრუქტურის და ქართული ხასიათის ხელისუფლება. ეს თვალში საცემია, რომ ძალიან ბევრ ვინმეს არ აწყობს როგორც ქვეყნის შიგნით და ესენი არიან ქვეყნის მოღალატეები, ისე - ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რომლებიც კვებავენ ამ მოღალატეებს. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი მტერი გაიჩინა საქართველომ, მას შემდეგ, რაც უკრაინაში სისხლიანი კონფლიქტი გააჩაღა პუტინის რეჟიმმა.

 

​ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, ჩვენი გეზი, რომელსაც მყარად ვიცავთ. სანამ ეს ხელისუფლება იქნება ქვეყნის სათავეში,  ეს ქვეყანა საომარ კონფლიქტებში არ ჩაერთვება, იმიტომ, რომ ეს არის ამ ქვეყნის გაჩანაგების, დაღუპვის და დაშლის პირდაპირი გზა, რომელიც გულის ფიცარზე აქვს ამოტვიფრული ამხანაგ პუტინს, რუსეთის იმ სამხედრო ელიტას, რომელიც ახლა კრემლშია მოკალათებული, რომ ქართველების ხელით დაანგრიოს და მოსპოს, გადაჩეხოს ეს ქვეყანა, როგორც 1921 წელს.

 

ამიტომ, ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ქვეყანაში იყოს სამოქალაქო მშვიდობა, აღმავლობა, ეკონომიკური განვითარება, შეიქმნას უფრო მეტი სამუშაო ადგილი, მოვიზიდოთ უფრო მეტი პირდაპირი ინვესტიციები და აქ გავიდეს ჩვენი გზა მშვიდობისკენ" - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.