13-09-2023
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია,მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
ვიზიტის ფარგლებში, უზბეკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ აზიზ ვოითოვთან და მინისტრის მოადგილე ალიშერ შუკუროვთან გამართულ შეხვედრებზე საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის გაფორმებული (2023 წლის 17 ივლისი, ქ. თბილისი) ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების ერთობლივი პრაქტიკული ღონისძიებების 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმით -„საგზაო რუკა“ გათვალისწინებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღინიშნა, რომ საქართველო და უზბეკეთი გეოსტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონებში - სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მდებარეობენ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ეფექტიანად იყოს გამოყენებული ის დიდი პოტენციალი, რაც სავაჭრო-ეკონომიკური და ლოგისტიკური მიმართულებებით არსებობს.
„საქართველოსა და უზბეკეთს შორის არაერთი მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავება ბიძგს მისცემს ორმხრივი და რეგიონული ურთიერთობების გააქტიურებას ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიას შორის. აღსანიშნავია, რომ უკეთესი შედეგების მიღწევისთვის პრიორიტეტი უნდა იყოს ორი ქვეყნის ბიზნესსექტორებს შორის კავშირების გაძლიერება, ტურიზმის, სამეცნიერო და კულტურული მიმართულებით თანამშრომლობა. მჯერა, რომ ჩვენი შეხვედრები და ძალისხმევა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც ჩვენი ქვეყნების განვითარებაში, ასევე გლობალურ დონეზე ვაჭრობის და მდგრად აგროსასურსათო სისტემების მხარდაჭერაში“, - განაცხადა იური ნოზაძემ.
საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმა -„საგზაო რუკა“ არაერთ მნიშვნელოვან საკითხთან ერთად, მოიცავს: გამოცდილების გაზიარებას უზბეკეთში ქართული საღვინე ვაზის ჯიშების სანერგე მეურნეობის და ღვინის წარმოების განვითარების, ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქტების გეოგრაფიული აღნიშვნების აღრიცხვის მიმართულებთ; თანამშრომლობას უზბეკეთში დუალური განათლების სისტემის დანერგვის, მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამის შექმნისა და კვალიფიციური ენოლოგების მომზადების და საქართველოში ჩაის პლანტაციებისა და გადამმუშავებელი ქარხნების განვითარების კუთხით.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის წევრები მონაწილეობდნენ ქალაქ სამარყანდში გამართულ სურსათის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც უზბეკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებითა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციის (UN FAO) მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების, საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები და სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, დელეგაციის წევრებთან და უზბეკეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი ჩხეიძესთან ერთად FAO-ს გენერალურდირექტორს, კუ დონჟუს შეხვდა და არსებული პროექტების განვითარების საკითხები განიხილა. შეხვედრები ასევე გაიმართა აკადემიკოს მ. მირზაევის სახელობის მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. დელეგაციის წევრები ინსტიტუტის კვლევით ბაზასაც გაეცნენ და სამარყანდში მდებარე ღვინის საწარმო დაათვალიერეს.