გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილ მოადგილეს მ.ქ-ს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

13-09-2023

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 60 000 ლარის გაფლანგვაში ბრალდებული მ. ქ. დამნაშავედ ცნო.


სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2011 წლის სექტემბერში, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის მიმართ გამოგონილ ე.წ „ჯაშუშობის" საქმეზე მიმდინარე გამოძიებისას, თავდაცვის სამინისტროს ბუღალტერიიდან, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის იმჟამინდელმა მოადგილე მ. ქ.-მ სხვადასხვა დროს 60 000 ლარი გაიტანა.


ხსენებული თანხების მისაღებად ხელოვნური საფუძვლის შესაქმნელად, 2011 წლის სექტემბერში საქართველოს თავდაცვის იმჟამინდელი მინისტრის და მისი მოადგილის დახმარებით, ყალბი დოკუმენტები შეიქმნა, რომლის თანახმადაც, სამინისტროდან გაცემული თანხები, თითქოსდა, ე.წ „ჯაშუშობის" სისხლის სამართლის საქმეზე განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისთვის გამოიყენებოდა.


სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 60 000 ლარი, რომელიც მ. ქ.-ს მართლზომიერ განკარგულებაში იმყოფებოდა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ გამოყენებულა და ამ უკანასკნელის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა.


მ. ქ.-ს ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს სხვისი დიდი ოდენობით ნივთის ან ქონების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.


სასამართლომ მ. ქ.-ს 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის გამოყენებით, მსჯავრდებულს შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით განესაზღვრა, მასვე ჩამოერთვა საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება 6 თვის ვადით.


აღსანიშნავია, რომ მ.ქ. არაერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა მიმალვაში და მასზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით გამოცხადებული იყო ძებნა. საბოლოოდ, 2021 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს გენერალური პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოში მსჯავრდებულის ექსტრადირება განხორციელდა.


მ.ქ.-ს მიმართ საქართველოში არსებული 11 სისხლის სამართლის საქმიდან 6-ზე გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო 5 სისხლის სამართლის საქმე იხილება თბილისის საქალაქო სასამართლოში.