4-09-2018
ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ დედის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
ამის შესახებ პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც სიანფორმაციო პორტალი REGION.GE უცვლელად გთავაზობთ.
„ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დედის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ტ.გ. დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 111 120-ე მუხლით.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 11 მაისს, ტ.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების დროს დედას - გ.კ.-ს თავის არეში მობილური ტელეფონი ჩაარტყა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ტ.გ.-ს ქმედებით დაზარალებულს მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიადგა ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
სამართალდამცველებმა ტ.გ. 2018 წლის 19 მაისს ქ.მარნეულში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111 120-ე მუხლით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია) წარედგინა. ბრალდებულ ტ.გ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა იქნა გამოყენებული.
ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ ტ.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“- ნათქვამია განცხადებაში.