გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

დავით ქართველიშვილი: ოთარ ფარცხალაძის სანქციების ქვეშ აყვანის სქემა, თავისი ორგანიზატორებითა და ტექნიკური შემსრულებლებით, იგივეა, როგორც ეს ქართველი მოსამართლეების მიმართ სავიზო შეზღუდვების შემოღების შემთხვევაში იყო

16-09-2023

„ოთარ ფარცხალაძის სანქციების ქვეშ აყვანის სქემა, თავისი ორგანიზატორებით და ტექნიკური შემსრულებლებით, იგივეა, როგორც ეს ქართველი მოსამართლეების მიმართ სავიზო შეზღუდვების შემოღების შემთხვევაში იყო“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


მისი განცხადებით, საქართველოს მიმართ მავნებლური სქემის ძირითადი მოთამაშეები დავით არახამია, ნიკა გვარამია და მისი გუნდი, ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის თუ მედიის წარმომადგენლები არიან.


ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო კოორდინირებული სინდიკატის მთავარი მიზანია, საქართველოში გადატრიალების გზით ხელისუფლების შეცვლა.


„ოთარ ფარცხალაძის სანქციების ქვეშ აყვანის სქემა, თავისი ორგანიზატორებითა და ტექნიკური შემსრულებლებით – ერთი და იგივეა, როგორც ეს ქართველი მოსამართლეების მიმართ სავიზო შეზღუდვების შემოღების შემთხვევაში იყო. ეს არის საერთაშორისო კოორდინირებული სინდიკატი, რომელშიც ჩართულები იყვნენ საქართველოს, უკრაინის, ლიეტუვასა და აშშ-ს წარმომადგენლები – ჩვენი „დაუძინებელი მეგობრები“ გლობალური ომის პარტიიდან.


ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ, დავით არახამია ტრაბახობდა, რომ სანქციების ქვეშ საქართველოს მოქალაქეების აყვანის „საპატიო“ პრეროგატივა სწორედ მას ერგო და ამ საკითხებში ის პირდაპირ არის დაკავშირებული „სანქცია-მეიქერებთან“ – მაიკლ მაკფოლსა და ფრენსის ფუკუიამასთან. ქართულ მხარეს, ტექნიკური („შავი“) სამუშაოს შემსრულებლების სახით სათავეში უდგას ნიკა გვარამია და მისი „სტაფი“ (მათ შორის, მეუღლე და ადვოკატები), ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი ნინო ევგენიძე.


სწორედ ნინო ევგენიძის შეხვედრებზე (მიმდინარე წლის მარტის მიწურულს) ლიეტუვაში ნენსი პელოსისთან, IRI-ს პრეზიდენტთან, „Freedom House“-ის წარმომადგენელთან – მოხდა მათი საბოლოო დარწმუნება საქართველოს სასამართლოზე და ცალკეულ ბიზნესისა თუ პოლიტიკის წარმომადგენლებზე მიეტანათ აქამდე უპრეცენდენტო იერიში.


გვარამიას გარემოცვა ასევე იმყოფებოდა ვიზიტით ამსტერდამში (სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა შეხვედრაზე), სადაც ჩასულები იყვნენ ფრენსის ფუკუიამა და მაიკლ მაკფოლი, ხოლო საქართველოს მხრიდან (როგორც კურსდამთავრებული) გიორგი ქადაგიძე, რომელმაც მიიღო მოსამართლეთა სანქცირების პროცესის ამუშავების დაპირება.


საინტერესოა ფრენსის ფოკუიამასა და მაიკლ მაკფოლის კავშირები, უკრაინულ მხარესთან და ქართულ ოპოზიციასთან:


დავით არახამიასა და ანდრეი ერმაკის მეთაურობით, „ანტიკორუფციული ბიუროს“ ბაზაზე (გიზო უგლავა) შეიქმნა საბჭო, რომელიც კორდინაციაშია ამერიკულ მხარესთან, სანქციების დაწესება-რეალიზების ეფექტურობის გაზრდის მიზნით;


თავის მხრივ, ამერიკული მხარის სანქციების მთავარი კორდინატორი, რომელიც განსაზღვრავს სანქცირებულ პირთა სიას არის ზემოხსენებული მაიკლ მაკფოლი, რომელთანაც მჭიდრო კომუნიკაცია აქვს დავით არახამიას, რომელიც გამუდმებით ემუქრება საქართველოს ხელისუფლებას სანქციების დაწესებით;

2022 წელს დავით არახამიამ უზრუნველყო მაიკლ მაკფოლისა და დავით კეზერაშვილის გარემოცვის შეხვედრა, სწორედ მასთან წაიღო დავით არახამიამ ენმ-ის გარემოცვის მიერ მიწოდებული დოკუმენტაცია;


მაიკლ მაკფოლთან შესახვედრად ჩასული იყვნენ ენმ-ის წევრები ხატია დეკანოიძე და პეტრე ცისკარიშვილი, ისინი ასევე შეხვდნენ ფრენსის ფუკუიამას (რისი დამადასტურებელი ფოტომასალაც ხელმისაწვდომია ინტერნეტში);


აღსანიშნავია, რომ აშშ-ის მიერ სანქციების დაწესების ფონზე, შვიდ აპრილს ფრენსის ფუკუიამასა და ნინო ევგენიძეს მიერ, გამოცემული იქნა სტატია, სათაურით: „საქართველოში იმარჯვებს რუსეთი – აშშ უნდა იყოს უფრო მკაცრი საქართველოსთან მიმართება“ – სტატიაში პირდაპირ არის სანქციების გამკაცრება გაზრდის მოწოდება, რათა აშშ-მა არ დაკარგოს საქართველო;


აღსანიშნავია, რომ მოსამართლეთა მიმართ სანქციების გამოყენების შესახებ დავით არახამიას სატელევიზიო განცხადებების მხარდასაჭერად, საჯაროდ აქვს დაანონსებული მაიკლ მაკფოლსაც, რომლის ინტერვიუ გავიდა ქართულ ოპოზიციურ არხებზე.


გარდა ამისა, ჩვენი უკრაინული მეგობრები გვირჩევენ ყურადღება გავამახვილოთ მოსამართლეთა დასანქცირების სქემაში კიდევ ერთ „ტექნიკურ მონაწილე“, ვინმე ემანუელ ზინგერზე (Emanuelis Zingeris), რომელიც პირადად არის დაკავშირებული ნიკა გვარამიას უშუალო გარემოცვასთან, ახლო მეგობრულ ურთიერთობაშია მიხეილ სააკაშვილთან და „ამ ფაქტორიდან გამომდინარე დაუმეგობრდა ლიზა იასკოსაც“.


ვიკიპედიიდან ვიგებთ, რომ 65 წლის ემანუელ ზინგერი არის ლიეტუველი ებრაელი, 1990 წელს იყო ლიტვის სსრ-ს უზენაესი საბჭოს წევრი, ლიტვის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ერთ-ერთი ხელმომწერი. ამაჟამად მჭიდრო ურთიერთობაშია აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან, სადაც გარკვეული პერიოდი იკავებდა ელჩის თანამდებობას, ითვლება მაღალი პოლიტიკური წონის მქონე ფიგურად და შეიძლება ითქვას, რომ მას ცალსახად აქვს მსგავსი გადაწყვეტილებებზე (სანქციებზე) ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა.


სანქციების ქვეშ აყვანის გადაწყეტილების მიმღებ კიდევ ერთ „ტექნიკურ პერსონალს“ დიდი ალბათობით წარმოადგენს ნონა წოწორია, „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული, სტრასბურგის ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე. სასამართლოში მოღვაწეობის დასრულების შემდგომ, იგი არ დარჩენილა საქმის გარეშე. ამჯერად ის ევროკავშირის ეგიდით, მჭიდროდ თანამშრომლობს უკრაინულ მხარესთან, კერძოდ: ევროპული საბჭოს გენერალურმა პროკურორმა (ადამიანის უფლებების განხრით) შექმნა საექსპერტო – საკონსულტაცია ჯგუფი, რომელიც დახმარებას აღმოუჩენს უკრაინის გენერალურ პროკურატურას (ნონა წოწორიას კანდიდატურა წამოაყენა ზურაბ ადეიშვილმა).


ნონა წოწორია 2020-2021 წლებში იყო უკრაინაში იმ კომისიის წევრიც, რომელიც ამერიკელების დავალებით აფასებდა ანტიკორუფციული მიმართულებით შერჩეულ პროკურორებს. ის პარალელურად დაკავშირებულია უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროსთანაც (НАБУ), რომლის საქმიანობაც პირდაპირ იმართება აშშ-ის საელჩოდან. ზემოხსენებულის გარდა ნონა წოწორია, გარკვეული პერიოდი, ამერიკული იურისტების ასოციაციის ეგიდით, ხელმძღვანელობდა კანონის უზენაესობის პროექტებს ტუნისსა და ლიბიაში, სადაც ასევე ლობირებდა ამერიკულ ინტერესებს.


„ტექნიკური შემსრულებლების“ გარდა, სანქციების დაწესების საქმეში დიდი ალბათობით გადამწყვეტი როლი ითამაშა ორმა სენატორმა ჯიმ რიშიმ და ჯინ შაჰინმა (აშშ-ის საგარეო საქმეთა კომიტეტი). არ არის გამორიცხული, რომ სანქციების საბოლოო სახე სწორედ ამ კომიტეტის მიერ იქნა შემუშავებული, რის შემდეგ დასამტკიცებლად მიეწოდა სახელმწიფო დეპარტამენტს.


აღნიშნული სენატორები ბოლო სამი წლის განმავლობაში გამოირჩევიან „ქართული ოცნების“ მისამართით საზიანო განცხადებებით – 2012 წლიდან 2020 წლამდე ეს „აგრესიული“ დამოკიდებულება მათი მხრიდან არ შეიმჩნეოდა. მათი მსგავსი ტრანსფორმაცია, საეჭვოდ ემთხვევა „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტად ანი ჩხიკვიძის დასაქმებას, რომელიც იყო თამარ ჩერგოლეიშვილის კუთვნილი „ტაბულას“ ჟურნალისტი. 2020 წლის არჩევნების შემდგომ პერიოდში დაფიქსირდა, რომ „ევროპული საქართველო“ და ელენე ხოშტარია ახორციელებდნენ მიზანმიმართულ ზემოქმედებას სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტზე, და არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ანი ჩხიკვიძის (როგორც კომუნიკატორის) მეშვეობით.


მოსამართლეების და ოთარ ფარცხალაძის სანქციების ქვეშ აყვანაში დიდი ალბათობით ჩართულები იყვნენ საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი სხვა მონაწილეებიც, რომლებმაც მოახდინეს გადაწყვეტიელების მიმღები მხარის ინფორმაციული უზრუნველყოფა. ჟურნალისტური გამოძიების სფეროში მომუშავე უკრაინული წყაროები ასახელებენ 2014 წელს კიევში არჩევნებზე დამკვირვებლის როლში ჩამოსულ, და შემდგომ წლებში უკრაინის ხშირ სტუმარ ვინმე ჰანნა თობორნს (Hannah Thoburn) – მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ კონტაქტს, რომელიც გადაუმოწმებელი ინფორმაციით, მუშაობს სწორედ სენატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტში.


იმის ალბათობა, რომ სწორედ ის აწვდის სენატორებს ჯიმ რიშის და ჯინ შაჰინს საჭირო ინფორმაციას საქართველოდან და არ არის გამორიცხული, რომ სწორედ „ამერიკის ხმის“ ჟურნალისტის, ანი ჩხიკვიძის მეშვეობით – ძალიან მაღალია. თავის მხვრივ, ანი ჩხიკვიძის საინფორმაციო წყაროები უდიდესი ალბათობით არიან ჩვენი „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, საია, ისფედი, „სოროსის ფონდი“ და ა.შ.


ეს არის მაქსიმალურად მოკლე მიმოხილვა იმ მავნებლური სქემისა და მასში მონაწილე ძირითადი მოთამაშეების, ვინც ცდილობს გააღვივოს საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაცია, ხელი შეუშალოს ამ კონკრეტულ ხელისუფლებას ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, რათა გადატრიალების, არეულობის და „მაიდანიზაციის“ გზით, სახელმწიფოს სათავეში საკუთარი მარიონეტები და ლაქიები დააბრუნონ“, – წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.