20-09-2023
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტისა და ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის თანამშრომლობით მასშტაბური საერთაშორისო კონფერენცია „კავკასიის აღქმა მითებსა და ლიტერატურაში ანტიკურობიდან თანამედროვეობამდე“ გაიხსნა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, კონფერენციაში მონაწილეობს 70-მდე მომხსენებელი მსოფლიოს ოცი ქვეყნიდან: საქართველო, გერმანია, საბერძნეთი, კვიპროსი, საფრანგეთი, იტალია, გაერთიანებული სამეფო, ესპანეთი, ნორვეგია, შვედეთი, ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, ბრაზილია, მექსიკა, კამბოჯა, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა.
ამასთან, აღნიშნავენ, რომ ღონისძიების გახსნას საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარია თეოდორუ, თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი თემურ დოჭვირი, ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის პროფესორი ტიმო შტიკლერი, უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
მონაწილეებს თსუ რექტორის მოადგილე ნინო ოკრიბელაშვილი მიესალმა და კონფერენციის მნიშვნელობასა და ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობაზე ისაუბრა.
„დღევანდელ კონფერენციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმ თვალსაზრისით, რომ აქ საუბარია საქართველოს როლზე კავკასიასა და ანტიკურ სამყაროში, მის მომავალზე, რომელიც გადის წარსულზე. გარდა ამისა, ჩვენი უნივერსიტეტის საერთაშორისო აღიარებისა და ინტერნაციონალიზაციისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია. აღსანიშნავია იენის უნივერსიტეტთა თანამშრომლობა, რომელიც 1966 წლიდან იწყება და საერთაშორისო აღიარების კონტექსტში გვეხმარება“, - აღნიშნა თსუ რექტორის მოადგილემ.
თსუ-ისა და ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის თანამშრომლობასა და კონფერენციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი იენის უნივერსიტეტის პროფესორმა ტიმო შტიკლერმა.
„მოხარული ვარ საქართველოში ყოფნით და იმ თანამშრომლობით, რომელიც წლების განმავლობაში აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იენის უნივერსიტეტს. დღევანდელ კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოება მოისმენს უამრავ საინტერესო მოხსენებას ანტიკური კავკასიის თემატიკაზე“,- აღნიშნა ტიმო შტიკლერმა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამდღიანი ინტერდისციპლინური კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა თაობის უცხოელი და ქართველი მკვლევრები განსხვავებული კუთხით განიხილავენ კავკასიას ანტიკურ ხანაში, შუა საუკუნეებსა და თანამედროვე ეპოქაში. იმსჯელებენ კავკასიის აღქმის თავისებურებებზე ანტიკურ მითოლოგიასა და თანამედროვე ლიტერატურაში, თეატრსა და კინოში.
„კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანია მონაწილეებით, ქვეყნების რაოდენობითა და წარმოდგენილი მოხსენებებით. ჩვენი მეცნიერებისა და სტუდენტებისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა ამ სამეცნიერო სიახლეების მიღება.“- აღნიშნა თსუ პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კონფერენციის მიზანია საერთაშორისო აკადემიური საზოგადოების შეკრება, საქართველოში ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით კავკასიასთან დაკავშირებულ თემატიკაზე, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მეცნიერული, არამედ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით;
„ღონისძიება დაფინანსებულია სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. მსგავსი მხარდაჭერა ხელს უწყობს ქართველი მეცნიერების კომუნიკაციას მსოფლიოს წამყვან მკვლევრებთან, რაც, თავის მხრივ, სამეცნიერო კვლევების ხარისხის განვითარების და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ქართული მეცნიერების ინტეგრაციის ერთ-ერთი წინაპირობაა;
კონფერენციის ფარგლებში ქართველი და უცხოელი მეცნიერების მიერ განიხილება ზოგადად, კავკასიის და კერძოდ, საქართველოს უძველესი ისტორიული და კულტურული კავშირები ანტიკურ სამყაროსთან, ანუ ევროპული ცივილიზაციის საფუძვლებთან, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მეცნიერული კუთხით, არამედ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თვალსაზრისით, როგორც მნიშვნელოვანი მეცნიერული ინსტრუმენტი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.