20-09-2023
ანაკლიის ნავსადგურის პროექტში კერძო პარნიორის შერჩევის მიზნით შექმნილმა უწყებათაშორისმა სამთავრობო კომისიამ, რომლის მორიგი სხდომა 20 სექტემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა, დეტალურად განიხილა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ასაშენებლად გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში მონაწილე კომპანიების დოკუმენტაცია და მიიღო გადაწყვეტილება მომდევნო ეტაპზე ორი პრეტენდენტის გადაყვანის შესახებ. სხდომის ფარგლებში შესაბამისი ოქმებიც გაფორმდა, რომლებსაც კომისიის წევრებმა, მათ შორის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა მოაწერეს ხელი.
როგორც კომისიის სხდომაზე ითქვა, კანდიდატების საკვალიფიკაციო შეფასების შედეგად, კვალიფიცირებულ კანდიდატებს მიეცემათ რამდენიმეთვიანი ვადა ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადების წარმოსადგენად, რომელთა შეფასების შედეგად კომისია გამოავლენს გამარჯვებულს და ეკონომიკის სამინისტრო დაიწყებს მოლაპარაკებებს კონცესიის ხელშეკრულებასა და პარტნიორთა შეთანხმებაზე.
სანავსადგურე ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის საკითხს. მას შემდეგ, რაც პროექტის თავდაპირველმა ინვესტორმა ვერ შეასრულა ვალდებულებები და საინვესტიციო ტერიტორია დაბრუნდა სახელმწიფოს მფლობელობაში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ, ავტორიტეტული საერთაშორისო კონსულტანტების დახმარებით განაახლა ანაკლიის პროექტისთვის ტვირთნაკადების პროგნოზები და ბიზნესმოდელი, ასევე უზრუნველყო ახალი მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავება და საჯარო-კერძო პარტნიორობის ოპტიმალური მოდელის შერჩევა. ყველა პროცედურა ჩატარდა მაღალი სტანდარტით, რის შემდეგაც, მიმდინარე წლის თებერვალში გამოქვეყნდა განზრახულობის შესახებ განაცხადი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე კერძო პარტნიორის შესარჩევად.
ამ პროცესის პარალელურად, სახელმწიფომ დააფუძნა კომპანია, რომელმაც დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები საზღვაო ინფრასტრუქტურის (ფსკერდაღრმავება, ტალღმტეხელი) მშენებლობის მიზნით. ამავე კომპანიას, კაპიტალშენატანის სახით, გადაეცემა პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო მიწის ნაკვეთების ნაწილი.
მთავრობის გადაწყვეტილებით, გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული ინვესტორი/კერძო პარტნიორი ინვესტიციას განახორციელებს ზემოთაღნიშნულ სახელმწიფო საწარმოსთან ერთობლივად შექმნილ კომპანიაში, რომელმაც უნდა განავითაროს ანაკლიის ნავსადგური. საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივ კომპანიაში სახელმწიფო იქნება 51 პროცენტის მფლობელი, ხოლო კერძო პარტნიორი - 49 პროცენტის მფლობელი.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნას, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდას, საქართველოს ტერიტორიის გავლით ახალი ტვირთნაკადების მოზიდვას, პორტის მიმდებარედ წარმოებისა და ლოგისტიკური სერვისების განვითარებას და ა.შ. პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა იქნება 600 ათასი კონტეინერი, სახელმწიფო ასევე განიხილავს პორტის მიმდებარედ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის საკითხს.