20-09-2023
"საფრთხე რეალურია, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მსურველები ამისთვის ყველაფერს აკეთებენ," - ასე ეხმაურება "ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სომხეთ-აზერბაიჯანს შორის განვითარებულ პროცესებს.
ხუნდაძის თქმით, არსებული რეალობის გათვალისწინებით, მხოლოდ ხელისუფლების სიმშვიდე და გონივრული პოლიტიკა ვერ მოგვცემს შედეგს, თუკი საზოგადოებამაც არ გამოამჟღავნა იგივე მზაობა.
"‼შესაძლოა, საქართველოში ჯერ კიდევ არშემდგარი მეორე ფრონტის შემოვლით გზად ყარაბაღი იქცეს. ამიტომ, დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა სიმშვიდე და საღი აზროვნება, რათა ამ ცეცხლში არ გავხვიოთ სამშობლო.
‼ვისაც ჩვენი გაფრთხილება საქართველოში მეორე ფრონტის ფორმირების თაობაზე პოლიტიკური თამაში ჰგონია, არც მათთვის ვისურვებდი ისეთ დღეს, როცა შესაძლოა მთავარ მტკიცებულებად რეალური ომი იქცეს. ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქემ უნდა გაითავისოს მოსალოდნელი საფრთხე და ის შესაძლო შედეგები, რაც შეიძლება რეგიონში მეორე ომმა მოგვიტანოს.
‼ამ დროს ქართული ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს ქვეყანაში სიტუაციის დასაძაბად და ცდილობენ, ცეცხლი საქართველოსაც მოედოს, რათა მიაღწიონ იმას, რაც დიდი ხანია სურთ მათ დამკვეთებს.
ერთადერთი გამოსავალი არის ხელისუფლების და საზოგადოების გონიერება. მხოლოდ ხელისუფლების სიმშვიდე და გონივრული პოლიტიკა ვერ მოგვცემს შედეგს, თუკი საზოგადოებამაც არ გამოამჟღავნა იგივე მზაობა. იმედს ვიტოვებ, რომ ის მოქალაქეები, რომლებმაც დაიჯერეს ოპოზიციის და ომის რიტორიკაზე ქილიკობდნენ, დღეს სხვაგვარად უყურებენ მოვლენებს.
‼საფრთხე რეალურია, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მსურველები ამისთვის ყველაფერს აკეთებენ," - წერს დიმიტრი ხუნდაძე.