22-09-2023
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და „ტერა ბანკს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით, შეთანხმების ფარგლებში, მხარეები „ტერა ბანკის“ ახალი პროდუქტის SaaSargeblo.ge-ის ირგვლივ გაერთიანდნენ.
„ბანკი აღნიშნულ პლატფორმაზე განათავსებს SaaS სტარტაპების პროდუქტებს და დაეხმარება საკუთარ კლიენტებს სერვისების გაციფრულებაში, ინოვაციური სტარტაპების პროდუქტების ინტეგრაციის მეშვეობით. GITA, მემორანდუმის პირობების თანახმად, ბანკს თავის ბენეფიციარ სტარტაპებს წარუდგენს, რომლებიც პროექტს თემატურად შეესაბამება.
გარდა ამისა, პროექტის მიზნის მისაღწევად, მხარეების განახორციელებენ და ჩაატარებენ საინფორმაციო და B2B შეხვედრებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისა და ტექნოლოგიური სტარტაპების მონაწილეობით.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სტარტაპებისთვის პლატფორმა დამატებითი გაყიდვების წყაროს წარმოადგენს და მნიშვნელოვანია, რომ პროცესი კერძო სექტორის ინოვაციების ეკოსისტემაში ინტეგრაციას გულისხმობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.