26-09-2023
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძემ ენერგეტიკის სექტორში ბიზნეს - კავშირების დამყარების ხელშემწყობ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ორგანიზებით გაიმართა. კონფერენციას დაესწრნენ ენერგეტიკის სექტორში მომუშავე საჯარო და კერძო სექტორის, დონორების, ინვესტორი კომპანიებისა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლები.
თავის გამოსვლაში, მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა USAID - სა და ამერიკელ ხალხს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ ენერგეტიკის სექტორი ყოველთვის იყო აშშ - ისა და საქართველოს შორის წარმატებული თანამშრომლობის ერთ-ერთი საიმედო სფერო.
„საქართველოში არსებული უხვი განახლებადი ენერგიის წყაროების ოპტიმალური განვითარება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების, ეკონომიკური და პოლიტიკური პროგრესის ქვაკუთხედია. მეტიც, მწვანე ენერგიები არის მიზნების მიღწევის საშუალება კლიმატის ცვლილების გავლენის შერბილების თვალსაზრისით. 2023 წლის ბოლომდე ველით დაახლოებით 118 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დასრულებას, რაც, საერთო ჯამში, ყოველწლიურად 540 გვტ/სთ-ზე მეტად გაზრდის ჩვენი ქვეყნის ელექტროენერგიის გამომუშავებას," - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ. მისი თქმით, ამ პროექტების განხორციელება ნიშნავს არა მხოლოდ ენერგეტიკული პარამეტრების გაუმჯობესებას, არამედ ქვეყანაში მილიონობით ლარის უცხოურ ინვესტიციას და ასობით დროებით თუ მუდმივ დასაქმებულ ადამიანს.
მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა სიმძლავრის აუქციონზე, რომელიც უკვე გაიმართა და ინვესტორების დიდი ინტერესი გამოიწვია. მისი თქმით, მხარდაჭერის სქემა - ე.წ. „სხვაობის კონტრაქტი" (CFD), კარგი არგუმენტია ფინანსურ ინსტიტუტებთან მოლაპარაკებისა და თანამშრომლობისთვის და დაეხმარება პოტენციურ ინვესტორებს დაფინანსების მოსაზიდად.
თავის გამოსვლაში, რომეო მიქაუტაძემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა მასშტაბურ ენერგეტიკულ პროექტზე - შავი ზღვის წყალქვეშა ენერგოკაბელზე, რომელიც მიზნად ისახავს კავკასიასა და ევროპას შორის რეგიონული კავშირისა და ელექტროენერგიის გაცვლის შესაძლებლობების გაძლიერებას, ასევე ხელს შეუწყობს ინვესტიციებს განახლებადი ენერგიის სფეროში.
კონფერენციის მონაწილეებს ასევე მიესალმნენ USAID/საქართველოს ეკონომიკური ზრდის ოფისის დირექტორი მიშელ კოშიელსკი და USAID - ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ხელმძღვანელი საქართველოში რობერტ ტეილორი.