27-09-2023
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეების მონაწილეობით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო - მიმდინარე გამოწვევები და სამართლებრივი ასპექტები“ გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათი ცნობით, სტუდენტებს, მეცნიერებს, იურიდიული და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროს სპეციალისტებს შესაძლებლობა ჰქონდათ უშუალოდ რომის სტატუტის მოლაპარაკებების მონაწილეებთან ერთად ემსჯელათ სისხლის სამართლის საერთაშორისო მართლმსაჯულების განვითარების საკითხებზე და ამ მიმართებით საქართველოს გამოცდილებაზე.
„მოხარული ვარ, რომ ჩემს კოლეგებთან, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლესთან ერთად ვმონაწილეობ კონფერენციაში, რომელიც ემსახურება კონკრეტულ მიზანს - ხელი შეუწყოს რომის სტატუტის მხარე სახელმწიფოების ტერიტორიაზე ერთიანი, სტატუტზე დაფუძნებული სამართლებრივი კულტურის ჩამოყალიბებას. სასიხარულოა, რომ ჩვენ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლეებს ამ ქვეყანაში სტატუტზე დაფუძნებული, განვითარებული სამართლებრივი კულტურა გვხვდება, რაც იმის საწინდარია, რომ ურთიერთობები, როგორც თანამშრომლობის, ასევე სამართლებრივი კულტურის ფორმირების მხრივ კიდევ უფრო წინ წაიწევს და განვითარდება. ეს ყველაზე უფრო საყურადღებოა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, რათა მათთვის ნათელი და ხელშესახები გახდეს მათი არჩევანი და პერსპექტივა თუ ისინი მოისურვებენ საქმიანობას საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სფეროში“, - განაცხადა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სააპელაციო პალატის ქართველმა მოსამართლემ გოჩა ლორთქიფანიძემ.
თსუ-ს ცნობით, ღონისძიებაზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებმა ქართველ და უცხოელ პროფესორებთან ერთად განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: საერთაშორისო სამართლისა და სისხლის სამართლის ურთიერთქმედება რომის სტატუტის ფარგლებში; ომისა და ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაულების მატერიალური და მენტალური ელემენტები, ამ დანაშაულებზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოების მიერ ჩამოყალიბებული სტანდარტები; კომპლემენტარულობის პრინციპი; კონკრეტული დანაშაულის ინდივიდუალური შერაცხვა; სისხლისსამართლებრივი დევნის, დაკავების საფუძვლები და მექანიზმები.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის ნინო გვენეტაძის თქმით, კონფერენცია და საზაფხულო სკოლა დაეხმარება სტუდენტებს, იმ თაობას, რომელმაც მომავალში უნდა გააგრძელოს ეს გზა, დაიმკვიდროს საერთაშორისო საზოგადოებაში ღირსეული ადგილი და წარმოაჩინოს საქართველო, როგორც მაღალი სტანდარტის მართლმსაჯულების განმახორციელებელი და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით ღირსეული მოწინავე ქვეყანა.
კონფერენცია 27 და 28 სექტემბერს ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში, სტუდენტებისთვის საზაფხულო სკოლით გაგრძელდება.
სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეები: ქართველი მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე, ფრანგი მოსამართლე მარკ პერინ დე ბრიშამბო, კანადელი მოსამართლე კიმბერლი პროსტი, ბრიტანელი მოსამართლე ჯოანა კორნერი, იტალიელი მოსამართლე როსარიო სალვატორე აიტალა. ამასთან, საზაფხულო სკოლისა და კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებს აღიარებული უცხოელი და ქართველი პროფესორები შეხვდებიან.
„ვფიქრობ, ეს ღონისძიება ხელს შეუწყობს საქართველოში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოზე ცნობიერების ამაღლებას. ასევე, დაეხმარება ჩვენს სტუდენტებს, ახალგაზრდებს და აკადემიურ საზოგადოებას მეტი ინტერესი ჰქონდეთ და უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან. საქართველო არის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილე როგორც სამეცნიერო, ასევე დიპლომატიურ დონეზე, და ვფიქრობ, რომ ეს ურთიერთობები საერთაშორისო საზოგადოებასთან სისხლის სამართლის საერთაშორისო მართლმსაჯულების სრულყოფის მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება“,- აღნიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა მერაბ ტურავამ.
თსუ-ს ცნობით, კონფერენციისა და საზაფხულო სკოლის მიზანია საზოგადოებაში, განსაკუთრებით, სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებში გააღრმაოს ცოდნა და დაინტერესება საერთაშორისო სისხლის სამართლის დოქტრინისა და მართლმსაჯულების, კერძოდ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკის მიმართ. ზოგადად, საერთაშორისო სისხლის სამართლის როლი საქართველოსა და რეგიონში, მნიშვნელოვანია რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომისა და უკრაინის მოვლენების კონტექსტში.
„კონფერენციის მიზანია, რომ პრაქტიკოსი და თეორეტიკოსი იურისტებისთვის გავმართოთ სამეცნიერო დისკუსიები ისეთ საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია სისხლის სამართლის საერთაშორისო მართლმსაჯულებასთან, რომ ჩვენ გვქონდეს სწორი შეფასებები მოვლენების, სწორი შეხედულებები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ვითარდება უკრაინის, საქართველოს გარშემო და რომელიც არის ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრაქტიკასთან დაკავშირებული. ეს არის უნიკალური შემთხვევა, როდესაც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 5 მოსამართლე მონაწილეობს ჩვენს კონფერენციაში. საუბარია იმ მოსამართლეებზე, რომლებიც ქმნიან საერთაშორისო სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში ამინდს“,- აღნიშნა თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ გიორგი დგებუაძემ.
საერთაშორისო კონფერენცია და საზაფხულო სკოლა ორგანიზებულია ფოლკსვაგენის სამეცნიერო ფონდის პროექტის - „საერთაშორისო სისხლის სამართლის როლი საქართველოში“, ფარგლებში. ფოლკსვაგენის სამეცნიერო ფონდი კონფერენციასა და საზაფხულო სკოლას თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან, ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის, ბერლინის ჰუმბოლდტის, მარბურგის ფილიპეს სახელობის უნივერსიტეტების იურიდიულ ფაკულტეტებსა და ბილეფელდის უნივერსიტეტის სოციოლოგიის ფაკულტეტთან ერთად ახორციელებს.