27-09-2023
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ავსტრიის ქალაქ ვენაში გამართულ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) 67-ე გენერალურ კონფერენციაში მონაწილეობდა. კონფერენციას IAEA-ის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის ოფიციალური პირები და 3000-მდე დელეგატი ესწრებოდა.
დელეგატებმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურ დირექტორად მეორე ვადით მოქმედი გენერალური დირექტორი რაფაელ მარიანო გროსი აირჩიეს. რაფაელ მარიანო გროსიმ სააგენტოს ოთხი წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა. გენერალურმა დირექტორმა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების მიმართულებით მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა, ხაზი გაუსვა ბირთვული ენერგიის როლს კლიმატის ცვლილების შერბილებაში და ბირთვული ტექნოლოგიის მნიშვნელობას პლასტიკით დაბინძურების შემცირებაში. რაფაელ მარიანო გროსის განცხადებით, IAEA არის მშვიდობის, უსაფრთხოების და მდგრადი განვითარების ინსტრუმენტი. მხოლოდ 2022 წელს, სააგენტო 149 ქვეყანას სურსათის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების სფეროებში დაეხმარა.
საქართველოს მხრიდან კონფერენციაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს ელჩი ავსტრიაში ქეთევან ციხელაშვილი და ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას.
კონფერენციაზე საქართველო ევროკავშირის განცხადებას შეუერთდა, სადაც ხაზგასმით აღინიშნა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს საქმიანობის მნიშვნელობა რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველსაყოფად.