გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში თავდაცვის მინისტრს მოუსმინეს

4-10-2023

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, პოლიტიკური ჯგუფების „რეფორმების ჯგუფი" და „საქართველოსთვის" მოთხოვნის საფუძველზე, თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს მოუსმინეს.


მინისტრის კომიტეტის სხდომაზე სავალდებულო წესით დასწრება პოლიტიკურმა ჯგუფებმა, ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი სამოქალაქო აეროპორტის მშენებლობის პირობებში სამხედრო ბაზის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოითხოვეს. იმის გათვალისწინებით, რომ ვაზიანში მდებარე სამხედრო ობიექტები და პოლიგონი საიდუმლო რეჟიმის ობიექტებს წარმოადგენს, კომიტეტის სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მინისტრმა და კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომაზე განხილული საკითხები შეაჯამეს.


„კომიტეტის სხდომაზე ვაზიანის და აეროპორტის შესაძლო განვითარებაზე ვისაუბრეთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ რადიკალური პოზიცია აეროპორტის არაშენებასთან დაკავშირებით არ არსებობს. პარლამენტის წევრებმა თავდაცვის ძალების პოზიცია მოისმინეს. ჩვენ უნდა დაველოდოთ შეფასების ნაწილს იმ ექსპერტების მხრიდან, რომლებსაც სახელმწიფო დაიქირავებს და რომლებიც სხვადასხვა ხედვით აეროპორტის მშენებლობის შესაძლებლობებს შეაფასებენ. განხილულ საკითხთან მიმართებაში რაიმე ტიპის შემაფერხებელი პოტენციური გარემოება, დღეს ნამდვილად არ არსებობს", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.


კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას შეფასებით, ახალ სამოქალაქო აეროპორტის მშენებლობასთან და ირგვლივ არსებული სამხედრო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების საკითხებზე, თავდაცვის მინისტრთან საინტერესო შეხვედრა გაიმართა.

„თავდაცვის მინისტრმა ყველა იმ კითხვას, რომელიც ორი პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან იყო დასმული, ამომწურავად უპასუხა. პირდაპირ და ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგმება, როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და მისი სატრანზიტო ფუნქციის შემდგომი გაძლიერებისთვის, ასევე საქართველოს შეემატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი. ახალი აეროპორტის მშენებლობა, დღეს არსებული წინასწარი მონაცემებით, არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის სამოქალაქო ავიაციას, რადგან სამხედრო ობიექტებიდან პრაქტიკულად იგივე დისტანციაზე ფუნქციონირებს დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.


მისივე თქმით, გარკვეული სპეკულაციები არსებობდა თითქოს ახალი აეროპორტის აშენება ხელს შეუშლიდა არსებული სამხედრო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირებას, რაც სრულ სიცრუეს წარმოადგენს.