გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

შუა დერეფანი დღეს კიდევ უფრო აქტუალური ხდება და მისი განვითარება მიმდინარეობს - ლევან დავითაშვილის პასუხი ეკა სეფაშვილის კითხვაზე

4-10-2023

რას აკეთებს საქართველო შუა დერეფნის ფუნქციის ღირსეულად შესრულებისთვის, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენისას დაუსვა კითხვა.


ეკა სეფაშვილის თქმით, ამ დერეფანმა განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, შესაბამისად, მოთხოვნა გაიზარდა საქართველოზე, რაც მის მნიშვნელობას კიდევ უფრო უსვამს ხაზს.


„თქვენს მოხსენებაში სრულად შეეხეთ შუა დერეფნის განვითარების საკითხს. მოგეხსენებათ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, რადგან ეს არის ის თემა, რომელიც საშუალებას აძლევს ჩვენს ქვეყანას გეოპოლიტიკურ კონტექსტში შეასრულოს უაღრესად მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოში და მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებში იყოს, არამედ იმ ქვეყნებშიც, რომლებიც ამ დერეფნით ისარგებლებენ.


მოგეხსენებათ ამ დერეფანმა განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, როდესაც ჩრდილოეთის გზა და დერეფანი ფაქტობრივად დაკეტილი აღმოჩნდა. ამან, რა თქმა უნდა, გაზარდა მოთხოვნა ჩვენი ქვეყნის გავლით სხვადასხვა ტიპის დერეფნის ფუნქციის შესრულებაზე, იქნება ეს სატრანზიტო, ენერგეტიკული, ციფრული თუ ა.შ. საინტერესოა, უფრო ვრცლად მივაწოდოთ მოსახლეობას ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას აკეთებს საქართველო, რა გამოწვევები დგას ჩვენს წინაშე, როგორ არის ამაში ჩართული საერთაშორისო საზოგადოება და ამ მიმართულებითაც რა გამოწვევები გვაქვს, რა უნდა გავაკეთოთ და რა არის შემდგომი ნაბიჯები, რომ შუა დერეფნის ფუნქცია საქართველომ შეასრულოს ღირსეულად და ეს პოტენციალი სრულად, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის სასიკეთოდ იყოს გამოყენებული.“, - აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.


საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დეპუტატის კითხვას ვრცელი პასუხი გასცა.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, შუა დერეფანთან დაკავშირებით სხვადასხვა საკითხი არის ყოველდღიური მუშაობის საგანი.


„ბუნებრივია, რომ შუა დერეფნის განვითარება ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი ღერძია, იმიტომ, რომ ვხედავთ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებს რამდენად დიდი წვლილი აქვს საქართველოს ეკონომიკაში. აქედან გამომდინარე, 2013 წელს დაიწყო ყაზახეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზების ინიციატივით საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარების საკოორდინაციო კომიტეტის ჩამოყალიბებით შუა დერეფანზე ზრუნვა და მეტი კოორდინაცია; ამ მიმართულებით შემდგომში, განსაკუთრებით ბოლო წლებში, დავინახეთ, რომ საჭირო გახდა მეტი კოორდინაცია ქვეყნებს შორის. გასულ წელს გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, სადაც თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის სექტორის წარმომადგენლებთან ერთად შევიმუშავეთ ძალიან მკაფიო საგზაო რუკა, რომელიც გულისხმობს, როგორც საჯარო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას კასპიის პორტებში, ისე სარკინიგზო მიმართულებითა და ნაოსნობის კუთხით; ასევე, მნიშვნელოვანი გეგმები გვაქვს თვითონ კოორდინაციის გაუმჯობესებისა და მართვის გაუმჯობესების კუთხით. ამ მიმართულებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ჩამოყალიბდეს ერთობლივი კომპანია, რომელიც ჩინეთიდან დერეფანში მომავალი ტვირთების გადაზიდვებში კოორდინაციას მოახდენს; ასევე იქნება გამჭოლი ტარიფები; გამჭვირვალობა, დიგიტალიზაცია და ა.შ. სხვადასხვა საკითხი არის ყოველდღიური მუშაობის საგანი. ასე რომ, შუა დერეფანი დღეს კიდევ უფრო აქტუალური ხდება და მიმდინარეობს მისი განვითარება, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მჭიდრო კავშირში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.