5-10-2023
თურმე, ამ თავიანთ კარვებზე რამხელა იმედებს ამყარებდნენ და ეს კარვები რასთან არის დაკავშირებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, რომელიც პრაქტიკულად დადასტურდა მას შემდეგ, რაც „კანვასის“ წარმომადგენლების მიერ ტრენინგების ჩატარების თაობაზე ჩანაწერები გამოქვეყნდა, უკვე ნათელი ხდება ყველაფერი, - აღნიშნული განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციის წარმომადგენლების მისამართით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.
მდინარაძის თქმით, ოპოზიციას, რომელიც ამტკიცებს, რომ კანონში ცვლილებით კარვების გაშლა იკრძალება, არ უნდა მიეცეს საზოგადოების კიდევ ერთხელ მოტყუების საშუალება.
„ვინც ასე გააფთრებით იცავს ე.წ. კარვების თუ რაღაც სხვა კონსტრუქციების კანონპროექტს, თან იტყუება იმის შესახებ, რომ კარვები და სხვა ასეთი კონსტრუქციები იკრძალება, იმიტომ რომ სპეციალური დათქმების შემთხვევაში იქნება დემონტაჟის საშუალება, საფრთხეებიდან და რისკებიდან გამომდინარე, რომლის მტკიცების ტვირთიც სახელმწიფოს და მის წარმომადგენელს, ვთქვათ, პოლიციელს აქვს. ანუ, ტყუილია, რომ იკრძალება და ეს ტყუილი არ უნდა „გავუტაროთ“, არ უნდა ვათქმევინოთ და არ უნდა მოვატყუებინოთ საზოგადოება. უფრო მეტი ტყუილი და სპეკულაციურია, ისევე როგორც საუკუნის აფიორა „რუსულ კანონად“ წოდება. საუკუნის აფიორა არის ერთი და ერთხელ მოატყუეს საზოგადოების ნაწილი სამწუხაროდ და მეორედ იგივე სისულელეს და იგივე სიგიჟეს ვეღარ გააკეთებენ, რაც ჩვენს ახალგაზრდებს ჰკადრეს.“ - აღნიშნა მდინარაძემ.
მან ასევე მოუწოდა ოპოზიციის წარმომადგენლებს, ჯერ დაფიქრდნენ, თუ რას აპირებს დაინტერესებული მხარე სუს-ის ინფორმაციის მიხედვით და ამის შემდეგ გაუწიონ კანონში შესატან ცვლილებებს წინააღმდეგობა.
„კანონპროექტის ამ გააფთრებული დაცვით მტკიცდება, რომ ისინი დიახ, უერთდებიან გეგმას, რომლის მიხედვითაც, შეიძლება უშუალოდ ამ გამომსვლელებს არა, მაგრამ ვიღაც-ვიღაცებს, სურთ, რომ კარვებში განხორციელდეს ის, რაც გაამჟღავნა წინასწარ სუს-მა: მოხდეს ადამიანების აფეთქება და სიკვდილით რაღაც პოლიტიკური ბენეფიტები მოიპოვონ.
როდესაც ამ კანონს იცავთ, ცოტა წინ გაიხედეთ, რა აქვთ დაგეგმილი თქვენს დავალების მიმცემებს თუ თანამზრახველებს და მერე დაიცავით ასე გააფთრებით ეს კანონი“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.