5-10-2023
როცა მოლდოვას და უკრაინას მიანიჭეს სტატუსი და ბოსნია ჰერცოგოვინას და არა საქართველოს, ამით ყველაფერი არის ნათქვამი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, საქართველო წინ უსწრებს იმ ქვეყნებს, რომლებიც დღეს არიან სტატუსის ქვეშ.
„მე ვისაც შევხვდი და ვისაც ვესაუბრე, მინდა აღვნიშნო, რომ თუნდაც ამ პანელურ დისკუსიაში ჩვენს მიმართ ძალიან მკაფიოდ გამოვიდნენ ევროპული ქვეყნები და მკაფიოდ დაგვიჭირეს მხარი, რომ არ შეიძლება იმ შეცდომის განმეორება, რომელიც შარშან დაუშვეს. არ შეიძლება გაყოფა. მითუმეტეს, საქართველო მართლაც არის თვალსაჩინო მაგალითი რეფორმების განვითარების კუთხით. მე აღარ მინდა გავიმეორო, რომ ქვეყანა წინ უსწრებს იმ ქვეყნებს, რომლებიც დღეს არიან სტატუსის ქვეშ. უფრო მეტიც, ბევრი მიმართულებით ჩვენ ევროკავშირის წევრებსაც კი ვუსწრებთ ჩვენი მიღწევებით. ასე, რომ მე ამაზე აღარ მინდა სპეკულირება.
ჩვენ ვიზიარებთ, რომ დამსახურებაზე დამოკიდებული შეიძლება იყოს დასაბუთება, მაგრამ მთავარი ჩვენ კარგად ვიცით, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. კიდევ ვიმეორებ - როცა მოლდოვას და უკრაინას მიანიჭეს სტატუსი და ბოსნია ჰერცოგოვინას და არა საქართველოს, ამით ყველაფერი არის ნათქვამი. აიღეთ პერფორმანსი, ანუ ჩვენი მიღწევები და შესრულება, ნებისმიერ სფეროში, აიღეთ ამ ჩამოთვლილი ქვეყნების შესრულება ნებისმიერ სფეროში და შეადარეთ ჩვენი ქვეყანა და ეს ქვეყნები. თუ დამსახურებაზეა საუბარი.
პოლიტიკური თვალსაზრისით რა თქმა უნდა, ეს არის გამართლებული და ეს უნდა იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება. მე ამიტომ ვამბობ და ვიმეორებ - ეს დიახაც, არის პოლიტიკური გადაწყვეტილება", - განაცხადა პრემიერმა.