გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

გიორგი ამილახვარმა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

6-10-2023

5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.


მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ყველა პედაგოგს მასწავლებლის საერთაშორისო დღე, ხოლო კონკურსის ფინალისტებს მიღწეული წარმატება მიულოცა.


2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გორისმე-8 საჯარო სკოლის ბიოლოგიის მენტორი მასწავლებელი ნინო ფსუტური გახდა, რომელსაც საპატიო პრიზი პირადად მინისტრმა გადასცა.


გიორგი ამილახვარი: „მსურს, პირველ რიგში ჩვენს ძვირფას მასწავლებლებს დიდი პატივისცემით მივულოცო მასწავლებლის საერთაშორისო დღე.


მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები თქვენთან ერთად და მაქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მივიღო ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში, რომლის ფარგლებშიც 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულს გამოვავლენთ.


მასწავლებლობა ყოველთვის იყო და არის ყველაზე გამორჩეული, საპატიო და საპასუხისმგებლო პროფესია პროფესიათა შორის, რომელსაც განსაკუთრებული დაფასება სჭირდება. სწორედ ეს არის ჩემთვის უმთავრესი პრიორიტეტი და პედაგოგების მხარდაჭერის მიზნით, აქტიურად ვაგრძელებ ახალ ინიციატივებზე მუშაობას ჩემს გუნდთან ერთად.


მოხარული ვარ, რომ გლობალური კამპანიის ფარგლებში ჩვენს ქვეყანაში უკვე ტრადიციად იქცა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ღონისძიების გამართვა. მივესალმები და მხარს ვუჭერ ყველა იმ ინიციატივას, რომელიც წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, მათ წახალისებას და პროფესიის პოპულარიზაციას ემსახურება.


სწორედ ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი გახლავთ მასწავლებლის ეროვნული ჯილდო, რომელიც უკვე წლებია საზოგადოებას აცნობს ჩვენს გმირ მასწავლებლებს, მათ შრომას და იმ უდიდეს წვლილს, რაც პედაგოგებს ჩვენი მომავალი თაობების აღზრდის საქმეში შეაქვთ.


მადლობა მინდა, გადავუხადო მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ორგანიზატორებს და ყველა იმ ადამიანსა თუ პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელს, რომელიც ამ პროექტის განხორციელებაში არის ჩართული.მადლობას ვუხდი ყველა მასწავლებელს მონაწილეობისთვის. ეს ნამდვილად ის შემთხვევაა, როდესაც  მონაწილეობაც უაღრესად მნიშვნელოვანია. აქ დღეს გამოვლინდება მართლაც ღირსეულთა შორის ერთი განსაკუთრებული ადამიანი, თუმცა მადლობას ყველა პედაგოგი იმსახურებს.


პირადად მე, არა ერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ჩემთვის უმთავრესია საზოგადოებაში პედაგოგების როლის მნიშვნელობის ხაზგასმა და მათი შრომის დაფასების ხელშეწყობა. მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნისთანავე დავიწყე პერმანენტული შეხვედრები მასწავლებლების ჯგუფებთან, რათა მოვისმინო პედაგოგთა მოსაზრებები და თითოეული გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალურად გავითვალისწინო მათი ინტერესები.


ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაზე და პედაგოგებისთვის სხვადასხვა მხარდამჭერი ღონისძიების შემუშავებაზე ზრუნვა და მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება – პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში, მასწავლებლის ეროვნული დღე და პრემია დავაწესეთ.


მინდა, გაცნობოთ, რომ მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველი წლის 27 ოქტომბერს – ქართველი პედაგოგის, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.


აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით ყოველწლიურად, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო.


მსურს, კიდევ ერთხელ მივმართო მასწავლებლებს – მათ, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში დიდი შრომის ფასად ზრუნავს ახალგაზრდებში ცოდნის სიყვარულის გაღვივებაზე, ეს დღე იქნება თქვენი, რადგან ემსახურებით საქვეყნო მნიშვნელობის საქმეს და თქვენს შრომაზე დგას ჩვენი ქვეყნის მომავალი.“


მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დამფუძნებელი და ორგანიზატორია „განათლება ყველასათვის – საქართველო“.


აღნიშნული ჯილდო 2017 წლის 13 მაისს დაწესდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კოალიციას „განათლება ყველასათვის – საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე.